პოკერი 2020: დენიელ ქეითსის სკანდალი

გთავაზობთ რუბრიკას 'პოკერი 2020', სადაც გასულ წელს პოკერის სამყაროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე მოგითხრობთ. ამჯერად, განვიხილავთ 2020 წლის ერთ-ერთ დიდ სკანდალს, რომელიც დენიელ ქეითსს, ბილ პერკინსსა და დენ ბილზერიანს უკავშირდება. 

არაკეთილსინდისიერი თამაში და თაღლითური სქემები, სამწუხაროდ, პოკერისთვის უცხო მოვლენა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია, ონლაინ პოკერი მოთამაშეს მაინც უტოვებს საშუალებას, გარკვეული დამხმარე პროგრამები გამოიყენოს, ან თუნდაც საკუთარი ექაუნთით სხვა, გაცილებით გამოცდილი გემბლერი ათამაშოს. სწორედ მსგავსი ამბავი გადახდა დენიელ ქეითსს - მოთამაშეს, რომელიც თანამედროვე პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო გონებად ითვლება. 

ხმაური ბიზნესმენისა და მოყვარული მოთამაშის, ბილ პერკინსის ტვიტით დაიწყო. პერკინსმა ცნობილი მოთამაშე 'გოსთინგში' დაადანაშაულა, რაც სხვისი ინტერნეტ ფსევდონიმის ფარულად გამოყენებას გულისხმობსს. მალევე მას დენ ბილზერიანიც აჰყვა, რომელიც გამუდმებით ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. როგორც გაირკვა და, როგორც თავად ამბის გმირმა აღიარა, დენიელ ქეითსი Fun Ocean-ის პლატფორმაზე Sina Taleb-ის ფსევდონიმით თამაშობდა ისე, რომ ამის შესახებ სხვებმა არ იცოდნენ. 

ბილზერიანის და პერკინსის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ვრცელი კომენტარი თავად დენიელ ქეითსმა გააკეთა: "სინას ექაუნთით თამაში 8 მაისს დავიწყე. ტალები მისი ნამდვილი გვარი არ არის. რამდენიმე სესია ვითამაშე და მათგან არცერთი არ ყოფილა დენ ბილზერიანის წინააღმდეგ. ძალიან ცოტა დარიგება ვითამაშე თავად ბილ პერკინსის წინააღმდეგ. ჩემი ინფორმაციით, მაგიდაზე პროფესიონალი მოთამაშეები ისხდნენ, რომლებიც სხვის ნიკებს იყვნენ ამოფარებულები. სამწუხაროდ, ბილ პერკინსი პროფესიონალ მოთამაშეებს შორის გამართულ ბრძოლაში მოყვა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. არ ვფიქრობ, რომ მე ერთადერთი პროფესიონალი მოთამაშე ვარ, ვინც მაგიდაზე გამართული თამაშის სხვა მონაწილეებისგან უნდა გამოარჩიო და დასაჯო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მოყვარულ და დამწყებ მოთამაშეებთან შედარებით გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მაქსიმალურად ვცდილობ, ეთიკის მაღალი ნორმები დავიწესო და დავიცვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეც ვუშვებ შეცდომებს."

Fun Ocean ონლაინ პლატფორმაა, სადაც ადამიანები არა რეალურ ფულზე, არამედ ვირტუალურ ვალუტაზე - ე.წ. 'ფლეი მანიზე' სათამაშოდ იკრიბებიან. ზოგჯერ, ისეც ხდება, რომ იმ ქვეყნების მოთამაშეები, სადაც ონლაინ პოკერი არალეგალურია, Fun Ocean-ზე 'ფლეი მანი' მაგიდებზე თამაშობენ, რასაც თან კომპიუტერს მიღმა ფულადი შეთანხმება ახლავს. სავარაუდოდ, დენიელ ქეითსის მაგიდაც სწორედ ასეთ შეთანხმებას ატარებდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, მაგიდაზე მართლაც იმყოფებოდნენ სხვა პროფესიონალი მოთამაშეებიც, თუმცა, მათი ვინაობა უცნობია. 

რუმები

ქართული უცხოური