ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? - დოილ ბრანსონის აზრი
გასული წლის მაისში, რემკო რინკემამ თავისი ტოპ 10 მოთამაშე დაასახელა. თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა პოკერის სამყაროში, სწორედ რემკო რინკემაა. ის ვეტერანი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში PokerNews-ის კონტენტის მთავარი რედაქტორი იყო, ამჟამად კი PokerGo-ის მედია მენეჯერია. მის მიერ დასახელებული ათეული ასე გამოიყურება:
- ფილ აივი
- სტუ ანგარი
- ვიქტორ ბლომი
- დენიელ ქეითსი/ფილ გალფონდი
- ბენ სალსკი
- ტომ დუანი
- ჩიპ რიზი
- დენიელ ნეგრანუ
- ფედორ ჰოლცი
- დოილ ბრანსონი
რინკემას ათეულს, მართალია, ერთი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც გამოეხმაურა დოილ ბრანსონი - ამ ათეულის ბოლო პოზიციაზე მყოფი და, სავარაუდოდ, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.
"მოიყვანე ეს ნიჭიერი მოთმაშეები Bobby's Room-ში და ათამაშე ისეთ უნიჭოებთან, როგორებიც ბრაიან რასტი, სკოტ სივერი, დევიდ ოპენჰაიმი და სხვა რეგულარები არიან" - წერს ბრანსონი ტვიტერზე. აშკარაა, რომ რინკემას ათეულს ბრანსონი არ ეთანხმება.
ფილ აივისთნ და სტუ ანგართან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება: თანამედროვე პოკერში ჩართული ნებისმიერი მოთამაშე იტყვის, რომ მის მიმართ უდიდეს პატივისცემას გრძნობს; იგივე შეიძლება ვთქვათ სტუ ანგარზე, რომელმაც თავის ეპოქაში ყველაფერი მოიგო და ყველას მოუგო, მაგრამ საკუთარი ნიჭი ქაოტურ ცხოვრებაში გაფლანგა.
მიზეზი, რატომაც ბრანსონმა Bobby's Room ახსენა შემდეგია: რინკემას ათეულში, თავად ბრანსონისა და ჩიპ რიზის გარდა, ყველა ის მოთამაშე იყო დასახელებული, ვინც სახელის ან ქონების მოხვეჭა ტურნირებით, ან ჰედს-აპ ქეშ-გეიმებით შეძლო. ბრანსონის აზრით, ამ სიას სწორედ რეალური ქეშ-გეიმერები აკლია, ვინც პოკერში გზის გაკვლევა დაუღალავი ბრძოლით და საუკეთესოთა წინააღმდეგ უმაღლეს ლიმიტებზე თამაშით შეძლო და არა საშუალო და დაბალი დონის მოთამაშეებთან ტურნირების მოგებით.