პოლ ფუა - შორთ დექ პოკერის უპირობო გამარჯვებული

ბევრი წლის წინ, დოილ ბრანსონმა ტეხასური ჰოლდემი პოკერის კადილაკად მონათლა. მართლაც, ათწლეულების შემდეგ, კრის მანიმეიქერის მიერ 2003 წლის WSOP მეინ ივენთის მოგებამ პოკერი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ აზარტულ თამაშად აქცია. გარდა თავად მანიმეიქერის ფაქტორისა, პოკერი იმიტომაც გახდა მიმზიდველი, რომ სატელევიზიო ეთერები სწორედ ტეხასურ ჰოლდემს ეთმობოდა - 2 ჯიბის კარტისა და 5 მაგიდის კარტისგან მიღებული საუკეთესო კომბინაცია არ იყო რთული დასამახსოვრებელი და აღსაქმელი. 

2017-2018 წლებში, აზიაში გადახვეწილმა დიდმა სახელებმა, როგორებიც ფილ აივი და ტომ დუანი არიან, მსოფლიოს პოკერის ახალი, კიდევ უფრო გამარტივებული ვარიანტი წარუდგინეს: შორთ დექი. ის ტეხასური ჰოლდემის წესებისგან შედგებოდა, მაგრამ დასტიდან ამოღებული იყო ყველა 2, 3, 4 და 5. ერთადერთი წესი, რომელიც შორთ დექს პოკერის ყველა სახეობისგან გამოარჩევს 'ჰენდ რენქინგის' ცვლილებაა: შორთ დექში, ფულ ჰაუსი ფლეშთან უძლურია მაშინ, როცა ყველა სხვა სახეობაში ფულ ჰაუსი ერთ-ერთ საუკეთესო ხელად ითვლება. 

პოლ ფუა შორთ დექის გამოჩენამდეც ცნობილი სახე იყო, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ ის ვინმეს ტოპ 10, ან თუნდაც ტოპ 100 საუკეთესო მოთამაშეში შეეყვანა. მას შემდეგ კი, რაც მსოფლიოს წამყვანმა კაზინოებმა შორთ დექი საყოველთაოდ აღიარეს, პოლ ფუამ მხოლოდ ამ თამაშში $7 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. 

როგორც ფილ აივი ამბობს, შორთ დექი უფროა აზარტთან დაკავშირებული, ვიდრე პოკერის ნებისმიერი სხვა სახეობა: "მოთამაშეების შანსები ძალიან დაახლოებულია. ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რომ ვინმეს სტეკი მაგიდის ცენტრში აღმოჩნდეს და მისი შანსები 50/50 იყოს. ეს თამაში გემბლერებისთვისაა."

როცა საქმე გემბლინგს ეხება, აქ პოლ ფუა ნამდვილად პირველია. ის შორსაა მათემატიკოსი გენიოსებისგან და პოკერის ფსიქოლოგებისგან. მას მხოლოდ მაგიდაზე მაღალი წნევის და დაძაბულობის შექმნა აინტერესებს. შორთ დექი კი სწორედ ასეთ დინამიკას ქმნის. ეს თამაში კარგი ხელის ლოდინისა და ფოლდების ადვილად გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ის მოთამაშეს აგრესიისკენ, მძიმე ბეთინგისკენ და თამაშში ხშირი შესვლისკენ უბიძგებს. პოლ ფუა ჰოლდემშიც ასეთი თვისებებით გამოირჩეოდა და გასაკვირი არაა, რომ შორთ დექში მან მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯეისონ კუნისგან და სხვა ცნობილი მოთამაშეებისგან განსხვავებით, ფუას არცერთი მნიშვნელოვანი ტურნირი არ მოუგია, ის შორთ დექ ტურნირების ფინალურ მაგიდებს წარმოუდგენელი სიხშირით თამაშობდა, რამაც მისი ფულადი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს კი ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო, რადგან შორთ დექ ტურნირებში ფუა ისეთ მოთამაშეებს უპირისპირდებოდა, როგორებიც ჯასტინ ბონომო, სემ გრინვუდი, ჯეისონ კუნი, ფილ აივი და ტომ დუანი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური