დენიელ ნეგრანუმ კაზინოში შუშის გამყოფი დააზიანა
უკვე ერთი წელია, რაც კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებების გამო, ლას ვეგასის კაზინოები განსაკუთრებულ პირობებში ოპერირებენ: პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, სოციალური დისტანცია და სათაშო მაგიდაზე დაინსტალირებული შუშის გამყოფები გემბლინგის დედაქალაქის განუყრელ ნაწილად იქცნენ.
ეპიდსიტუაციის წარმატებული მართვის გამო, აშშ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მოსახლეობის უმეტესობის აცრის შემდეგ, ამერიკაში თანდათან ყველა შეზღუდვა უქმდება. ერთ კვირაში კი, ვეგასის კაზინოები შუშის გამყოფების აღებასაც გეგმავენ, რომლებიც მაგიდაზე მოთამაშეების ფიზიკური იზოლაციისთვისაა დაინსტალირებული. თუმცა, სანამ შეზღუდვების შემსუბუქებას უშუალოდ კაზინო დაიწყებდა, დენიელ ნეგრანუმ საქმე თავის თავზე აიღო.
ის კაზინო Venetian-ში ჰაი როლერ ტურნირებს თამაშობდა. ორი $10.000 დოლარიანი და ერთი $25.000 დოლარიანი ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ნეგრანუს ან ნერვებმა უმტყუნეს, ან ხუმრობის ხასიათზე დადგა და გადაწყვიტა, რომ თამაში უცნაური ფორმით დაეტოვებინა: ის მაგიდაზე ავიდა და შუშის გამყოფი ფეხით დააზიანა.
ნეგრანუს საქციელზე მოსაზრებები ორად გაიყო: ნაწილი ამბობს, რომ ნეგრანუს კარგი ხუმრობა გამოუვიდა, ნაწილის აზრით კი ნებისმიერი სხვა მოთამაშის შემთხვევაში მას კაზინოს დაცვა შენობიდან ძალის გამოყენებით გააგდებდა.