WPT Heads-up-ის ფინალში ფილ აივიმ პატრიკ ანტონიუსი დაამარცხა
PokerKing-ის აპლიკაციაზე ტიტანების ბრძოლა ფილ აივის გამარჯვებით დასრულდა. ლეგენდარულმა მოთამაშემ პოკერის მეორე ლეგენდა - პატრიკ ანტონიუსი დაამარცხა და $400.000 დოლარიანი ანაზღაურებისა და WPT Heads-up Championship-ის ტიტულის მფლობელი გახდა.
პოკერის სამყაროში ისეთი განცდა შეიქმნა, თითქოს, ისინი 10 წლის წინანდელ თამაშს უყურებდნენ. მართლაც, აივისა და ანტონიუსს ერთმანეთის წინააღმდეგ Full Tilt Poker-ის პერიოდის შემდეგ არ უთამაშიათ.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობდა, მოთამაშეები ვალდებულები იყვნენ საკუთარი კამერები ჩაერთოთ. მსგავსი გარემო კი რეალური თამაშის ასოციაციას ქმნიდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კაზინოში თამაშის დროსაც კი, ფილ აივის ემოციის დანახვა საკმაოდ რთული ამოცანაა, არათუ - ვებკამერაში. თამაშის კომენტატორები ნიკ შულმანი და ჯოი ინგრამი იყვნენ.
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ფილ აივი | აშშ | $400.000 |
2 | პატრიკ ანტონიუსი | ფინეთი | $200.000 |
3 | სემ გრინვუდი | კანადა | $100.000 |
4 | კრისტოფერ კრუკი | კანადა | $100.000 |
ფინალური დაპირისპირების ფორმატი 4 მატჩს მოიცავდა, საიდანაც აივიმ პირველი სამი ზედიზედ მოიგო. სამი გამარჯების შემდეგ, რა თქმა უნდა, თამაშის გაგრძელებას აზრი ეკარგებოდა. მანამდე, აივიმ ურთულესი ლაინ-აფი დაამარცხა, რომელშიც მანიგ ლუსერი, ანტონი ზინო, სტივენ ჩედვიკი და კრისტოფერ კრუკი შედიოდნენ. ზოგადად, $25.000 დოლარიანმა ტურნირმა საუკეთესო მოთამაშეები მოიზიდა. აივისა და ანტონიუსის დაპირისპირება მართლაც შთამბეჭდავი იყო, თუმცა, გულშემატკივრები განსაკუთრებით დაგ პოლკისა და ტომ დუანის შეჯახებას ელოდნენ, რომელიც პოლკის გამარჯვებით დასრულდა. ამის მიუხედავად, ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ფინალურ ეტაპებს ვერ მიაღწია.