ფილ ჰელმუტმა დენიელ ნეგრანუს მე-3 მატჩიც მოუგო
ფილ ჰელმუტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სატურნირო ჰედს-აპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან დენიელ ნეგრანუს რიგით მე-3 დაპირისპირებაც მოუგო და ახლა კანადელ მოთამაშესთან $350.000 დოლარის პლუსშია. ეს ჰელმუტისთვის მე-6 ჰედს-აპ დუელი იყო, რომელიც მან წარმატებით დაასრულა: 3 მატჩი ანტონიო ესფანდიარისთან, 3 - დენიელ ნეგრანუსთან.
ხმაურიან დაპირისპირებაში, KidPoker-ის შანსი მინიმუმამდე იყო დაყვანილი: ჰელმუტმა მალევე მოიპოვა 19-1 ჩიპების უპირატესობა, რის შემდეგაც საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. ამჯერად, მაგიდის ცენტრში $400.000 დოლარი იყო მოქცეული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება, რომელმაც ყველა აღტაცებაში მოიყვანა, AJ vs AQ იყო. პრეფლოპზე, უპირატესი ხელით, დენიელ ნეგრანუმ მინიმალური ბეთი გააკეთა, რაზეც კომენტატორებმა უნებლიედ წამოიძახეს: ეს ჰელმუტის მხრიდან აუცილებელი ქოლია! გაუგებარია რატომ და როგორ, მაგრამ ჰელმუტმა თავისი AJ-ის სისუსტე მომენტალურად იგრძნო და კარტი დილერისკენ გააცურა.
სამაგიეროდ, ერთ-ერთ ეპიზოდში ნეგრანუს გაუმართლა, როცა მისმა KK-მა ჰელმუტის KK-ის წინააღმდეგ ფლეშით მოიგო. ეს ნეგრანუს უკანასკნელი მნიშვნელოვანი დარიგება იყო. ყველა დანარჩენი გადამწყვეტი მომენტი ჰელმუტის სასარგებლოდ სრულდებოდა. ფილ ჰელმუტთან და დაგ პოლკთან დაპირისპირების შემდეგ, საერთო ჯამში, დენიელ ნეგრანუ $1.5 მილიონ დოლარს აგებს.