ლეონ ცუკერნიკმა Facebook-ს $23 მილიონიანი პროცესი მოუგო

King's Casino-ს მფლობელმა ლეონ ცუკერნიკმა ფეისბუქს $23 მილიონიანი პროცესი მოუგო, მას შემდეგ, რაც ჩეხეთის უზენაესმა სასამართლომ საქმე საკუთარ იურისდიქციაში შეიყვანა. მარკ ცუკერბერგის კომპანია ცდილობდა, რომ საქმე ირლანდიის სასამართლოს განეხილა, სადაც ფეისბუქის ევროპის სათაო ოფისი მდებარეობს. 

ლეონ ცუკერნიკმა ფეისბუქს მას შემდეგ უჩივლა, რაც კომპანიამ ყალბი ონლაინ კაზინოების რეკლამირებისთვის King's Casino-ს ბანერი შეცდომით გამოიყენა. ცუკერნიკმა ფეისბუქს მიმდინარე წლის აპრილში უჩივლა და საკუთარი კაზინოს რეპუტაციის ზიანის ასანაზღაურებლად 500.000.000 ჩეხური კრონა (დაახლოებით, $23 მილიონი დოლარი) მოთხოვა. 

სარჩელში არაერთი რეკლამა შედიოდა, რომლებიც ფეისბუქის მომხმარებლებს ონლაინ კაზინოებში რეგისტრაციას სთავაზობდნენ და პარალელურად King's Casino-სა და ლეონ ცუკერნიკის ფოტოებს იყენებდნენ. რეკლამებში ნახავდით შეტყობინებებს "Nejlepši česke casino je nyni online", რაც ითარგმნება როგორც "საუკეთესო ჩეხური კაზინო". მომხმარებლების მიერ ფრაზა აღიქმებოდა, როგორც ცუკერნიკის მიერ როზვადოვში დაფუძნებული 'პოკერის კუნძულის' რეკლამა, რომელიც მართლაც სანდოობითა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. სინამდვილეში კი, მომხმარებლები იმ ონლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების აპლიკაციებს ღებულობდნენ, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ King's Casino-ს საქმიანობასთან. 

როგორც ლეონ ცუკერნიკი ამბობს, მისმა კომპანიამ არაერთხელ შეატყობინა ფეისბუქს ყალბი რეკლამებისა და დეზინფორმაციის შესახებ, მაგრამ ამერიკული გიგანტისგან მათი ყოველი შეტყობინება უყურადღებოდ რჩებოდა. "კაზინოები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და რომლებსაც ლიცენზიაც კი არ გააჩნიათ, ჩვენი ბრენდის სახელს იყენებდნენ, - ამბობს ლეონ ცუკერნიკი, - ისე გამოდიოდა, რომ ფეისბუქი მათ რეალურობას არც ამოწმებდა, ჩვენი ბრენდის გამოყენების უფლებას აძლევდა და ამაში ფულს იღებდა. სხვა სოციალურ მედიებში, მათ შორის - ფეისბუქშიც, ჩვენ ყოველთვის გვთხოვდნენ ლიცენზიასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ჩვენი ნამდვილობის დადასტურებას. ყალბი კაზინოების შემთხვევაში კი, უსაფრთხოების ყველა ზომა უგულებელყოფილი იყო."

 

რუმები

ქართული უცხოური