"არ მინდა, რომ ჩემს 9 წლის შვილს ვირუსი გადავდო" - კრის მანიმეიქერი
2003 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული, კრის მანიმეიქერი მიმდინარე წლის WSOP-ის ვერ დაესწრება. ამის შესახებ, ლეგენდარულმა მოთამაშემ ტვიტერის საშუალებით განაცხადა. მიზეზად, პოკერის დიდების დარბაზის წევრი სწორედ პანდემიას, ჯანმრთელობის რისკებსა და COVID-19-ს ასახელებს.
კრის მანიმეიქერმა, 2003 წლის WSOP-ის მეინ ივენთის მოგებით, ეპოქა შექმნა, რომელიც ისტორიაში 'პოკერის ბუმის' სახელით შევიდა. თამაშის პოპულარიზაციაში მისი როლი წარმოუდგენლად დიდია. მან ტეხასური ჰოლდემი პროფესიონალთა წრიდან ფართო აუდიტორიაში გაიტანა და მოყვარულ და დამწყებ მოთამაშეებს დიდი ტურნირის მოგების იმედი გაუჩინა.
როგორც PokerNews-თან საუბარში ამბობს, მისი გადაწყვეტილება იმ შიშითაა გამოწვეული, რომ ტურნირზე დასწრებით ის საკუთარი ოჯახის წევრებს რისკის ქვეშ აყენებს: "ძალიან ველოდი შეზღუდვების მოხსნას და ლაივ პოკერში დაბრუნებას, მაგრამ წლევანდელი WSOP-ზე დასწრება მას შემდეგ გადავიფიქრე, რაც გავიაზრე, რომ ვირუსის გადაცემა ვაქცინირებულ ადამიანებსაც შეუძლიათ. თავად მე ვაქცინირებული ვარ, მაგრამ ჩემი 9 წლის შვილს ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ლაივ ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში, ინფექციასთან მცირე შეხება მაინც მექნება. დელტა ვარიანტთან დაკავშირებული რისკის გამო კი, რომელიც ბავშვებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ტურნირში მონაწილეობაზე უარს ვამბობ."
ის არც ანტივაქსერებთან მიმართებაში ინარჩუნებს პოლიტკორექტულობას: "თუ ვაქცინას არ იკეთებ და ნიღბის ტარებაზეც უარს ამბობ, მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო. მსგავსი სისულელის ატანა არ შემიძლია." სანამ მთელი მსოფლიო პოკერის სერიებს ელოდება და სანამ ყველას პოკერის ისტორიაში საკუთარი სახელის ჩაწერას ცდილობს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის კრის მანიმეიქერი არ იქნება.