WSOP 2021-ის დროს, შონ დიბის ნომერში მძარცველი შეიჭრა
10 ოქტომბერს, ტვიტერზე, შონ დიბმა ხმაურიანი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც დიბი ყვება, დილის 6:30-ზე, Rio All Suite-ში მდებარე მის ნომერში მძარცველი შეიპარა. შემთხვევა 2021 წლის WSOP-ის მიმდინარეობისას მოხდა. მოთამაშის მონათხრობის მიხედვით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მძარცველი გაიქცა და მიმალვა მოახერხა. მისი ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელი რჩება.
შონ დიბის ტვიტერის პოსტის შემდეგ, Rio All Suite-ის მიმართ მკვეთრად ნეგატიური კომენტარების სერია დაიწყო. რაც ყველაზე მთავარია, მსგავსი შემთხვევის შესახებ კიდევ ერთმა მოთამაშემ, შონ იუმ განაცხადა. იუ WPT-ის გამარჯვებული, WSOP-ის ოქროს სამაჯურისა და WSOP Circuit-ის 8 ბეჭდის მფლობელია. დიბისა და იუს პოსტს, ჯეფ კიმბერი გამოეხმაურა. როგორც კიმბერი ამბობს, 3 წლის წინ მან Rio-ში ნომერი აიღო. როცა ოთახის გაღება სცადა, კარი დაკეტილი დახვდა. რამდენიმე წუთში მისი ნომრიდან შიშველი მამაკაცი გამოვიდა, ხანშიშესულ მეძავთან ერთად. მართალია, კიმბერის მიერ მონათხრობი ისტორია საკმაოდ ანეკდოტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მას მხარი სხვა, ნაკლებადცნობილმა მოთამაშეებმა აუბეს, რომლებიც სასტუმროს მიერ მსგავსი ტიპის დარღვევებზე ალაპარაკდნენ.
როგორც ჩანს, Rio-ს არაერთ სტუმარს გადახდენია მსგავსი ამბავი, როცა ისინი ან ცუდი მომსახურების, არაკეთილსინდისიერი მოპყრობის, ან ქურდობის მსხვერპლები გახდნენ. ტვიტერზე უამრავი ისტორია დაიდო, როცა ძარცვის შემდეგ, სასტუმროს დაცვამ შესაბამისი რეაქცია არ მოახდინა.