WSOP-ზე გავლენის მოხდენის გამო დენიელ ნეგრანუ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა
კანადელმა მოთამაშემ პოკერის მაღალი წრიდან ვრცელი კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი WSOP-ზე გამართული $50.000 დოლარიანი PLO ივენთი გახდა. ტურნირზე, დაგეგმილი 17 ლეველის ნაცვლად, მონაწილეებმა მხოლოდ 15 ითამაშეს. კულუარული ინფორმაციით, გადაწყვეტილებაზე გავლენა დენიელ ნეგრანუს მესიჯმა იმოქმედა.
ადრესატი არ დაუზუსტებია, მაგრამ ჰაი როლერ ტურნირების ვარსკვლავმა, ჩენს კორნუთმა მძიმე ბრალდება გააჟღერა. მისი თქმით, WSOP-ის ტურნირების მენეჯერსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ ეფელს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, რის შემდეგაც ტურნირის 17 ლეველის ნაცვლად მხოლოდ 15 ლეველი ჩატარდა.
"ეს სრულიად მიუღებელია, - წერს ტვიტერზე კორნუთი, - ვიღაცამ ჯეკ ეფელს მიწერა და ტურნირის სტრუქტურა შეაცვლევინა. იქნებ, ის მოთამაშე ცუდ მაგიდაზე, მასზე უკეთეს მოთამაშეებს შორის იჯდა? იქნებ დაღლილი იყო და თავის საუკეთესო პოკერს ვერ თამაშობდა? უამრავი მიზეზია, თუ რატომ შეიძლება ასეთი საქციელი არასწორად ჩავთვალოთ."
პასუხად, დენიელ ნეგრანუმ განმარტა, რომ მას სტრუქტურის ცვლილება არ მოუთხოვია. მან ჯეკ ეფელს მხოლოდ კითხვის ფორმით მიწერა, თუ როგორ გაგრძელდებოდა ტურნირი: "17 ლეველი იმ შემთხვევაში იყო განსაზღვრული, თუ მოთამაშეების დიდ რაოდენობასთან გვექნებოდა საქმე. ასეთი პატარა ლაინ-აფის პირობებში კი 15 ლეველის თამაში გადაწყდა. ეს იყო და ეს."
თავის ვიდეო ბლოგებში დენიელ ნეგრანუ ხშირად ამაყობს იმით, რომ WSOP-ის ადმინისტრაცია მის სიტყვას ძალიან ენდობა და მის რჩევას ყოველთვის ითვალისწინებს. სწორედ მსგავსი ტრაბახის გამო გაჩნდა ეჭვები, რომ ნეგრანუმ ტურნირის სტრუქტურის ცვლილება და ლეველების შემცირება მოითხოვა, რაც მოთამაშეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.