WSOPE-ის მეინ ივენთი იოზეფ გულაშმა მოიგო
ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში, ტრადიციულად, WSOP-ის ევროპული ტურნე გაიმართა. სერიების ყურადღების ცენტრში €10.300 ევროიანი მეინ ივენთი იყო, რომელზეც რეკორდულად დიდი რაოდენობის - 688 მონაწილე დარეგისტრირდა. ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების პარალელურად, ჩეხეთმა და მეზობელმა ქვეყნებმა მკაცრი რეგულაციები მიიღეს, მაგრამ ამ ფონზეც კი, ლეონ ცუკერნიკის კაზინოს სტუმრები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
ტურნირის გამარჯვებული ჩეხი იოზეფ გულაში გახდა, რომელმაც კარიერაში საუკეთესო ანაზღაურება - €1.276.712 ევრო მიიღო. 688-დან, ფულში შესვლა 104 მოთამაშემ შეძლო. თუმცა, მონაწილეების რაოდენობის გამო, 'ბაბლის' შემდეგაც კი მოთამაშეებს 2 დღიანი დაძაბული ბრძოლის გადატანა მოუწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ იოზეფ გულაშ უმცროსმა ტურნირის მოგება და სოლიდური ანაზღაურების მიღება შეძლო, მას მცირე იმედგაცრუება მაინც ხვდა წილად. ტურნირზე ის მამასთან - იოზეფ გულაშ უფროსთან ერთად მივიდა, რომელიც თამაშს საპრიზო ანაზღაურების გარეშე გამოეთიშა. აქვე უნდა ითქვას, რომ ტურნირის ბაი-ინის ნაცვლად, იოზეფ გულაშ უმცროსს თამაში სულ რაღაც €250 ევრო დაუჯდა. მან WSOPE-ის მეინ ივენთის საკვალიფიკაციო სატელიტ ტურნირი მოიგო და სწორედ €250 ევროიანი საგზურით მოახერხა მილიონ ევროზე მეტის მოგება. გასული წლის ჩემპიონი, ალექსანდროს კოლონიასი 60-ე ადგილზე გავიდა.