ფულის კონფისკაცია და პოკერი ამერიკაში

2 კვირის წინ, ტვიტერზე პოსტების სერია გამოჩნდა, სადაც პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები პოლიციის მიერ ჩამორთმეულ ფულზე ლაპარაკობდნენ. ყველაფერი, WPT-ის ტურნირების დირექტორის, მეტ სევეჯის ტვიტს მოჰყვა, სადაც ის 25 წლის ქალ მოთამაშეზე ყვებოდა. მისი მონათხრობის მიხედვით, მოთამაშე ტურნირზე დასასწრებად ჩიკაგოდან დალასში მიფრინავდა. აეროპორტში, პოლიციის გაწვრთნილმა ძაღლმა მის ჩანთასთან ყეფა დაიწყო, რაც პოლიციისთვის განგაშის ინდიკატორი იყო. როგორც გაირკვა, ჩანთაში მას $106.829 დოლარი ჰქონდა, რომელიც პოლიციის მხრიდან კონფისკაციას დაექვემდებარა. მოთამაშე კი ყოველგვარი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს. 

ამერიკაში, ყოველ შტატში განსხვავებული კანონია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ნაღდი ფულის ტრანსპორტირება შეუძლია მოქალაქეს. ამერიკის ლიბერალური კანონმდებლობის მიუხედავად, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მოტივით, ზოგ შტატში დრაკონული კანონი მოქმედებს. მეტ სევეჯის ტვიტს სხვა ცნობილი მოთამაშეებიც გამოეხმაურნენ. 

როგორც არი ენგელი ყვება, ეშვილის აეროპორტში, პოლიციამ მას ვრცელი დაკითხვა მოუწყო, რადგან მის ჩანთაში ტურნირის ბაი-ინისთვის განკუთვნილი $10.000 დოლარი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ენგელს შესაბამისი დოკუმენტაციაც მზად ჰქონდა და ყველაფერი ექსცესების გარეშე დასრულდა. 

"ერთხელ, მაიამის აეროპორტში, ჩემს ჩანთაში არსებული ფულის შესახებ ღია დეკლარაცია გავაკეთე და პოლიციამაც თავისუფლად ამიშვა თვითმფრინავში, - ყვება დენიელ ნეგრანუ, - DEA-ის (ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო აშშ-ში) წარმომადგენელი პირადად მესაუბრა გამგზავრებამდე. ჩემს სავარძელში დაჯდომის შემდეგ კი, თვითმფრინავის ბორტზე 16 ოფიცერი შეიკრიბა. ზოგიერთმა მათგანმა მიცნო კიდეც." 

ნეგრანუს ტვიტს დავიდ viffer პიტი გამოეხმაურა: "დეტროიტში, თვითმფრინავიდან იძულებით ჩამომიყვანეს, $7.000 დოლარი და როლექსი წამართვეს. 90 დღე დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი კუთვნილი თანხა და საათი დამებრუნებინა. არც ჯარიმის ქვითარი მოუციათ, არც ბრალი წაუყენებიათ. ამის შემდეგ, როცა ნაღდი ფულით მიწევს მგზავრობა, ჩანთაში პატარა ფურცელს ვდებ, რომელსაც აწერია, რომ საკუთარ და ჩემს დროს ტყუილად ხარჯავენ და სჯობს, ჩემს ადვოკატს დაუკავშირდნენ."

რა თქმა უნდა, მსგავსი გაუგებრობებისა და ლეგალური დავების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ელექტრონული ტრანზაქციებია. ცნობილმა მოთამაშეებმა მწარე გამოცდილების ხარჯზე ისწავლეს, რომ დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის ჩანთით ტარებამ გარკვეულ ხიფათში შეიძლება გაგხვიოთ. 

რუმები

ქართული უცხოური