ჯონათან დუჰამელი: პოკერი იღბლის თამაშია
როგორც წესი, ნებისმიერი მოთამაშე ამტკიცებს, რომ პოკერი უნარებსა და ოსტატობაზე დამყარებული თამაშია. ამერიკაში, უამრავი კანონმდებელი იბრძვის, რომ პოკერს game of skill-ის სტატუსი მიენიჭოს და თამაში ყველა შტატში ნებადართული გახდეს. პარადოქსულად, 2010 წლის WSOP მეინ ივენთის გამარჯვებული, ჯონათან დუჰამელი ამტკიცებს, რომ პოკერი იღბალზე დაფუძნებული თამაშია და მას არაფერი აქვს საერთო უნარებთან და ოსტატობასთან.
ერთი შეხედვით, დუჰამელის მტკიცება პარადოქსულია, მაგრამ როცა საქმის დეტალებში ჩავიხედავთ, ადვილად გავერკვევით, თუ რა ამოძრავებს მსოფლიო ჩემპიონს. საქმე იმაშია, რომ კანადის შემოსავლების სამსახური დუჰამელის $8.944.310 დოლარიანი მოგებიდან გადასახადის სახით თითქმის $1 მილიონ დოლარს ელოდება. კანადის შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა ჯონათან დუჰამელმა გაასაჩივრა. საქმე 2018 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. კანადური კანონმდებლობით, თუ მოთამაშემ შემოსავალი აზარტული თამაშებიდან მიიღო, მას გადასახადის გადახდა არ ევალება. სწორედ გადასახადისგან გათავისუფლებას ცდილობს ჯონათან დუჰამელი, რომელიც მეინ ივენთის მოგების შემდეგ, მართლაც გამორჩეული მოთამაშე გახდა.
როგორც სასამართლო პროცესზე დუჰამელმა განაცხადა მსოფლიო ჩემპიონი ის მხოლოდ შემთხვევითობით გახდა: "მე ძალიან გამიმართლა. WSOP Main Event-ის მოგება ჩემი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა. მე შემიძლია, დავაჯერო საკუთარი თავი, რომ მე საუკეთესო მოთამაშე ვარ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე უბრალოდ გამიმართლა." რაც სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება, ისაა, რომ ჯონათან დუჰამელი 2010 წელს მართლაც არ ყოფილა პროფესიონალი მოთამაშე. მას მართლაც არ ჰქონდა მოგების იმედი და ის გარკვეულწილად მართლაც იყო დამოკიდებული იღბალზე. WSOP-ის მეინ ივენთის მოგების შემდეგ, ჯონათან დუჰამელმა თავის შემოსავლებს კიდევ $10 მილიონი დაუმატა. ამჟამად, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $18.012109 დოლარს ითვლის.