პოკერის სამყარო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდება
PokerStars-ის უფროსობამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება სოჭში დაგეგმილი EPT-ის ტურნირის გაუქმების შესახებ. გასულ კვირას, სოჭის ტურნირის თარიღმა მარტიდან ოქტომბერში გადაინაცვლა. თუმცა, ამჯერად, PokerStars-ის გუნდმა სრულად გაითვალისწინა მომხმარებლებისა და პოკერის დიდი სახელების მოწოდება და ტურნირი გააუქმა. ჰოლანდიელი პროფესიონალი მოთამაშე, იორის რუისი ხმამაღლა მოუწოდებდა მოთამაშეებს EPT-ის ბოიკოტისკენ, თუ სოჭში დაგეგმილი ტურნირი კვლავ გაიმართებოდა. სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციების მსგავსად, უკრაინაში რუსეთის უკანონო სამხედრო აგრესიამ პოკერის მოთამაშეებშიც დიდი ხმაური და პროტესტის ტალღა გამოიწვია.
ერთ-ერთი დიდი სახელი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად გამოდიოდა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, ანტანას გუოგაა. პოკერის წრეებში მას ტონი ჯის სახელით იცნობენ. მიუხედავად ავსტრალიის მოქალაქეობისა, ის ევროპარლამენტში ლიეტუვას წარმოადგენდა. ტონი ჯის პოზიცია, რა თქმა უნდა, ნათელია: ბალტიის ქვეყნებმა, მათ შორის - ლიეტუვამაც, საბჭოთა ოკუპაციის მძიმე წლები გამოსცადეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რეგიონი მკვეთრი ანტირუსული განწყობებითაა ცნობილი. დიდი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ტონი ჯი პოლიტიკურად კვლავ აქტიური რჩება: "დროა, ყველამ ხმა ავიმაღლოთ და უკრაინელ ხალხს დახმარება გავუწიოთ. ჩემი დასასვენებელი სახლი მზადაა უკრაინელი დევნილები შეიფაროს. პირველი ოჯახი დღეს გადმოვიდა საცხოვრებლად".
გარდა ამ განცხადებისა, ტონი ჯიმ საქველმოქმედო ფონდი გახსნა, რომელიც ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარება: "გპირდებით, რომ ყოველი ევრო, რომელიც ფონდში შევა, უკრაინელ ოჯახებს მოხმარდებათ". ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი მოთამაშე, რომელიც ომის დევნილად იქცა, იუჯინ კაჩალოვია. გარდა ამისა, რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის მოთხოვნით პოკერის უდიდესი ონლაინ ფორუმი "2+2" გამოდის. ფორუმზე სპეციალური გუნდი შეიქმნა, რომელსაც All in against Russia ჰქვია. ფორუმის მომხმარებლები მოითხოვენ რუსეთში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირის გაუქმებას, რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების შეწყვეტას, რუსეთის მიერ დასპონსორებულ მოთამაშეებთან ურთიერთობის შეწყვეტას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურნირებზე დასწრების აკრძალვას.