რაფაელ ნადალი, რონალდო, ანდრეი შევჩენკო და დენიელ ნეგრანუ EPT-ის საქველმოქმედო ტურნირზე

    რაფაელ ნადალისთვის უცხო არ არის გამარჯვების გემო, მაგრამ მას ამ ტურნირზე მოუწია მსოფლიო დონის სპორტსმენების დამარცხება. ეს იყო ნადალისთვის პირველი ლაივ სატურნირო ასპარეზობა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ გამოანათა და თავის საქველმოქმედო ფონდს "The Good Hand Project"-ს 50 000 ევრო შეჰმატა. შეგახსენებთ, რომ The Good Hand Project არის საქველმოქმედო აქცია უმუშევრობის დასაძლევად, რომელიც პოკერის მოყვარულთა წრეებში ჩამოყალიბდა და მას სათავეში უდგას რაფაელ ნადალი. ფონდი თავისი სახსრებით ეხმარება ადამიანებს სამუშაოს მოძებნაში.
    ნადალი, რომელიც შედის "პოკერსტარსის" სპორტსმენი ვარსკვლავების გუნდში, აქტიურადაა ჩართული პოკერში. ის დიდ დროს უთმობს სპორტის ამ სახეობის შესწავლას და როგორც ჩანს, მისმა შრომამ შედეგი გამოიღო.
    "ძალიან გავერთე, - აცხადებს ჩოგბურთელი, - ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება. ვითამაშე მეგობრებთან, ვითამაშე ქველმოქმედებისთვის. ხვალიდან კი კვლავ საჩოგბურთო მზადებას დავუბრუნდები".


    პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები, თუნდაც დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოები, ვერ მოიგებენ ყოველთვის. ეს ტურნირი იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც რაფაელ ნადალმა ტურნირიდან გამოთიშა ისეთი მოთამაშე, როგორიცაა დენიელ ნეგრანუ. ნადალი და ნეგრანუ ტურნირის განმავლობაში ორჯერ მოხვდნენ "ოლ ინ" სიტუაციაში ერთმანეთის წინააღმდეგ, სადაც უპირატესობა პროფესიონალი მოთამაშისკენ იხრებოდა, მაგრამ ნადალმა ორივე შემთხვევაში მიიღო მისთვის საჭირო კარტი მაგიდაზე. 
    დენიელ ნეგრანუ ამჟამად ითვლება მსოფლიოში საუკეთესოდ პროფესიონალ მოთამაშებს შორის. მისი ლაივ სატურნირო მოგება შეადგენს 19.5 მილიონ დოლარს. WSOP-ის მიერ იგი აღიარებულია წლის მოთამაშედ. სწორედ მან გადასცა რაფაელ ნადალს ჯილდო პირველი ადგილისთვის. 
    ტურნირის შემდეგ დენიელ ნეგრანუმ ინტერვიუ მისცა პოკერსტარსის ინტერნეტ ბლოგს. "ეს იყო ძალიან კარგი მაგიდა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იმ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა და მითუმეტეს თამაში, რომლებიც თავიანთ სფეროში საუკეთესონი არიან. რაც შეეხება რაფაელ ნადალს: მან მართლაც სოლიდური თამაში აჩვენა, არ დაუშვია შეცდომები. მან ზუსტად იცოდა როდის უნდა შეეტანა ცვლილებები თამაშში, როდის გამხდარიყო აგრესიული და მან დროულად მოახერხა ეს", - თქვა ინტერვიუს დროს ნეგრანუმ. 
    ექვსეულიდან არავის სურდა თამაში პირველს დაეტოვებინა, მაგრამ ტურნირის სტრუქტურა ხანგრძლივი თამაშის საშუალებას არ იძლეოდა. პირველი მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოხდა დენიელ ნეგრანუსა და ალბერტო ტომბას, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელ იტალიელ მოთხილამურეს შორის. ყველაფერი პროფესიონალი მოთამაშის გამარჯვებით დასრულდა. 
    თამაშიდან ტომბას გამოთიშვამ, მაგიდასთან დარჩენილ მოთამაშეებს შორის თამაშის ტემპი საგრძნობლად გაზარდა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო K8 ჯვრებით დაუპირისპირდა ჰოლანდიელ ბალახის ჰოკეის ლეგენდას, ფატიმა მორეირა დე მელოს, რომლის ATo-სთან (AყTგ) ანდერდოგი აღმოჩნდა და მაგიდა დატოვა. სწორედ ამ დროს დაიწყო რაფაელ ნადალმა შორტსტეკიდან მნიშვნელოვანი ქამბექი, როდესაც სამ დარიგებაში მაგიდას უპირობო ჩიპ ლიდერად მოევლინა. მან ორი ოლ ინი მოუგო დენიელ ნეგრანუს. ხოლო მესამე საკონტროლო ხელზე იგი ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა 5ა5ჯ-ით ნეგრანუს Aა7ა-ის და ანდრეი შევჩენკოს 8ყ8გ-ის წინააღმდეგ. ნადალმა მიიღო საჭირო 5-იანი, რითიც ტურნირიდან გამოთიშა პოკერსტარსის სახე, ხოლო შემდეგ დაგირებაზე მაგიდა დაატოვებინა უკრაინელ ფეხბურთელსაც. შედეგად მან მოიპოვა ჩიპ ლიდერის პოზიცია მორეირა დე მელოს წინააღმდეგ, რომლის სტეკი ათჯერ ჩამორჩებოდა ჩოგბურთელისას. ჰოლანდიელმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია რაფას, მაგრამ დარიგებაში, რომელიც საფინალო აღმოჩნდა, მისი Tგ6გ ვერ გაძლიერდა ნადალის QგTჯ-ს წინააღმდეგ, რითიც გამარჯვება ესპანელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. 
საფინალო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. რაფაელ ნადალი - 50 000 ევრო
2. ფატიმა მორეირა დე მელო - 25 000 ევრო
3. ანდრეი შევჩენკო - 10 000 ევრო
4. დენიელ ნეგრანუ - 5 000 ევრო
5. რონალდო - 5 000 ევრო
6. ალბერტო ტომბა - 5000 ევრო

რუმები

ქართული უცხოური