პროფესიონალებმა მანქანა დაამარცხეს

ჯეოპოკერის მკითხველებს ემახსოვრებათ, გასული თვის ბოლოს, რივერს კაზინოში გამართული ისტორიული ბრძოლა, პოკერის პროფესიონალ მოთამაშეებსა და კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს, "კლოდიკოს", შორის. ორკვირიანი დაპირისპირება პარასკევს, 8 მაისს დასრულდა, მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეების გამარჯვებით. 

დაგ პოლკმა, ბიორნ ლიმ, დონგ კიმმა და ჯეისონ ლესმა, ერთიანობაში 732.700 ჩიპის უპირატესობა მოიპოვეს, რაც 7.300 ბიგ ბლაინდს წარმოადგენს. თითოეულმა მათგანმა, ორი კვირის განმავლობაში, კომპიუტერის წინააღმდეგ 20.000 დარიგება ითამაშა. 

დამარცხების მიუხედავად, დისპერსიისა და დარიგებათა რაოდენობის სიმცირის გამო, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორები არ ფიქრობენ, რომ მანქანამ ადამიანის წინააღმდეგ პოზიციები დათმო. "ჩვენ ვიცოდით, რომ 'კლოდიკო' უძლიერესი კომპიუტერული პროგრამა იყო, რომელიც პოკერს ფლობდა. მაგრამ ჩვენ არ გაგვითვალისწინებია მისი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეების წინააღმდეგ. ასეთ მოთამაშეებთან დამარცხება, ნამდვილად ვერ ჩაითვლება მანქანის წარუმატებლობად. ასეთი ლაინ აპის წინააღმდეგ, სტატისტიკური ფრეც კი მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს" - აცხადებს ტომას სენდჰოლმი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორი და "კლოდიკოს" სულისჩამდგმელი. 

მეცნიერებისგან განსხვავებული შეხედულება აქვს დაგ პოლკს. მისი აზრით, მანქანა ძალიან ჩამორჩება ადამიანის შესაძლებლობებს - "იყო ეპიზოდები, როცა ის მართლა კარგად თამაშობდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მისი მოქმედებები საერთოდ გაუგებარი იყო. მისი მასიური ოვერბეთები, ძალიან იყო დაშორებული საღი თამაშისგან".

კომპიუტერის საიმედოდ შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერები მის წინააღმდეგ ნათამაშები 80.000 დარიგების გამოყენებას აპირებენ პროგრამის დახვეწილი და გაუმჯობესებული ვერსიის შესაქმნელად. როგორც სენდჰოლმმა განმარტა, მოთამაშეს ულიმიტო ჰოლდემში 10^161 სიტუაცია შეიძლება შეხვდეს, სამყაროში არსებულ ატომთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი. ასე რომ მანქანას, მოქმედებების დასახვეწად, კიდევ ბევრი მუშაობა და დრო დასჭირდება. ამ თამაშისთვის "კლოდიკომ" 2 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია გამოიყენა. 

საბოლოო ჩიპქაუნთის დროს ბიორნ ლი 529.000 ჩიპს იგებდა, დაგ პოლკი - 213.700 ჩიპს, დონგ კიმი 70.500 ჩიპს, ხოლო ჯეისონ ლესი 80.500 ჩიპის მინუსში იყო. "ჩვენ ვიცოდით, რომ ხელოვნური ინტელექეტი ოდესმე უპირატესობას მოიპოვებს, - თქვა ლიმ, - მაგრამ მანქანის ამ მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები პოზიციებს ვინარჩუნებთ". 

ისტორიული თამაში "მაიკროსოფტის" მიერ იყო დასპონსორებული. თითოეულმა მოთამაშემ ორკვირიანი დაპირისპირებისთვის $100.000 დოლარი მიიღო. თამაშის დროს რეალური ფული გამოყენებული არ ყოფილა.

რუმები

ქართული უცხოური