ნეგრანუ და სომერვილი კალიფორნიაში, ონლაინ პოკერის მხარდასაჭერად
'პოკერსტარსი' ეცდება თავისი წვლილი შეიტანოს ონლაინ პოკერის ლეგალიზების საქმეში, კერძოდ: დღეს, დენიელ ნეგრანუ და ჯეისონ სომერვილი, საკრამენტოს ეწვევიან. 'პოკერსტარსის' წარდგენის გარდა, იგეგმება პრესკონფერენცია და სადემონსტრაციო ონლაინ თამაში, რა თქმა უნდა - ფლეი მანი, რათა ჟურნალისტებისთვის და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისთვის უკეთ იყოს გასაგები თუ რას ნიშნავს ონლაინ პოკერი. გასართობი ნაწილისა და თამაშის ასპექტების გარდა, პუბლიკას საშუალება ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რა საშუალებებს იყენებს პოკერ რუმი ინტერნეტ ჰაკინგის, თაღლითური სქემებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.
როგორც დენიელ ნეგრანუმ თქვა, ღონისძიების მიზანია პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების უკეთ ინფორმირება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ონლაინ პოკერი, რა ზომები შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ მოთამაშეების დასაცავად და რამხელა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო რეგულაციების დაწესებას. "ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მოთამაშეებს საშუალება მოგვეცა კანონმდებლებსა და გავლენიან ადამიანებს გავაცნოთ ონლაინ პოკერის სპეციფიკა. იმედი მაქვს, ონლაინ გემბლინგის შესახებ, ჩვენი მსჯელობა სწორად იქნება აღქმული პოლიტიკოსების მხრიდან" - წერს 'ტვიტერზე' ჯეისონ სომერვილი.
ბოლო თვეში, როგორც იქნა, კალიფორნიის შტატში ონლაინ პოკერის რეგულაციის შესახებ კანონმდებლობამ დადებითი ხმა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმა არაფერს ცვლიდა და ადგილობრივ კანონმდებლებს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ონლაინ პოკერის ლეგალიზების შესახებ, მაინც, ამ ხმამ აჩვენა, რომ ამ საკითხის შესახებ მუშაობას აზრი აქვს.
აღსანიშნავია, რომ 'შერატონ გრანდ ჰოტელში' დაგეგმილმა ღონისძიებამ, კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაინაცვლა. შემთხვევითი არაა, რომ 'პოკერსტარსის' აქცია, კალიფორნიის სათამაშო კონფერენციას დაემთხვა. კალიფორნიის შტატის პოლიტიკური ელიტის მთელი ყურადღება ამჟამად სწორედ ამ კონფერენციისკენაა მიპყრობილი. ყველა ელოდება მნიშვენლოვან განხილვებს ონლაინ თამაშების, საკანონმდებლო რეგულაციებისა და უსაფრთხოების შესახებ.
აპრილის შემდეგ, ეს ნეგრანუს პირველი საჯარო გამოსვლა იქნება, სადაც ის ონლაინ პოკერის ლეგალიზების სიტყვით გამოვა. აპრილში მან, ნიუ ჯერსის მედია საშუალებებთან გააკეთა განცხადება, რომ ონლაინ გემბლინგის ლეგალიზება, ინდუსტრიის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. კალიფორნიაში, ონლაინ პოკერის ლეგალიზება, უკვე ერთ წელზე მეტია განიხილება, მაგრამ მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით ჯერ არ ყოფილა. თუმცა საკანონმდებლო კომიტეტის მიერ მომზდაბული რამდენიმე კანონპროექტი, ონლაინ პოკერის რეგულაციის შესახებ, დიდ იმედებს იძლევა.
ამჟამად ონლაინ პოკერი ლეგალურია ნევადაში, ნიუ ჯერსიში და დელავერში. დანარჩენ შტატებში სხვადასხვა კანონპროექტების განხილვა მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს. მაგალითად, მისისიპის პოლიტიკური ავტორიტეტები აცხადებენ, რომ შტატი ჯერ არ არის მზად ონლაინ გემბლინგის ლეგალიზებისთვის. ონლაინ გემბლინგის ლეგალიზების ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგის, შელდონ ადელსონის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ანტი-ონლაინ გემბლინგის კამპანიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბევრი შტატის მთავრობაზე. მისი გავლენიანი პოლიტიკური სანაცნობოსა და ჭარბი ფინანსების გამოყენებით, პოლიტიკოსთა უმეტესობა, უკვე მრავალი წელია, ონლაინ პოკერთან მიმართებაში არანაირ დათმობაზე არ მიდის.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამდენად იქონიებს გავლენას 'პოკერსტარსის' ინიციატივა ადგილობრივ კანონმდებლებზე, მაგრამ ფაქტია, რომ კალიფორნიის მთავრობას საშუალება ექნება ღრმად და საფუძვლიანად გაეცნოს ონლაინ პოკერის უწვრილმანეს ასპექტებსაც კი.