პოკერით, პირველად, რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი და მეც, როგორც ბევრმა დამწყებმა მოთამაშემ, დავიწყე წიგნებისა და სტატიების კითხვა, ვიდეოების ყურება, თამაში ნებისმიერ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა. წარმატებებისა და წარუმატებლობის მიუხედავად, დიდი დრო არ დამჭირვებია იმის აღმოსაჩენად, რომ პოკერი ძალიან რთული, კომპლექსური და ამოუწურავი თამაში იყო. თამაში, რომლის სწავლაც ფაქტიურად შეუძლებელია. მაგრამ მიუხედავად ამისა, პოკერში მაინც არსებობენ ადამიანები, ვინც ეს თამაში თითქმის სრულყოფილებამდე აიყვანა.
ვიდოებში, ბიოგრაფიებსა და ინტერვიუებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ მილიონერი გემბლერები, როგორი იყო მათი ყოველდღიურობა, რა იყო მათი საყვარელი კერძი, ფილმი და ა.შ. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესები იცვლებოდა, შესაბამისად იცვლებოდა კითხვებიც - თუ აქამდე ვინტერესდებოდი რა მანქანა ჰყავდა ფილ ლააკს, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რით განსხვავდებოდა ის სხვა, ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან? ცოდნით? - შეიძლება. ლააკი ნამდვილად შეიძლება პოკერის გურუდ ჩაითვალოს, მაგრამ იგივე თეორიული ინფორმაციის მიღება თანამედროვე კომუნიკაციებით ძალიან ადვილია. გამოცდილებით? - შეიძლება. მაგრამ თანემდროვე 19 წლის მოთამაშეს შეიძლება გაცილებით მეტი დარიგება ჰქონდეს ნათამაშები, ვიდრე დოილ ბრანსონს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს კი ბრანსონზე წინ ახალბედა გემბლერს ნამდვილად ვერ აყენებს. მაშინ რა? რა თქმა უნდა ფსიქოლოგია!
აღმოჩნდა, რომ წარმატებული მოთამაშეები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დამწყები და საშუალო დონის მოთამაშეებისგან შემდეგი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით:
- მათი სიყვარული თამაშის მიმართ, პირდაპირი გაგებით, განუზომელია
- ძალიან ღრმად იაზრებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თამაშზე კონცენტრირებულობის მნიშვნელობას
- შეუძლიათ ემოციებისა და ნერვების მაქსიმალური კონტროლი
- მუდამ ინარჩუნებენ მორალურ სიმტკიცეს
- აქვთ წარმოუდგენელი დონის თვითდისციპლინა
- წინასწარ გეგმავენ, როგორც თამაშს, ასევე ცხოვრებას
- არიან თავდაჯერებულები მაშინაც კი, როცა წარუმატებლად თამაშობენ
ეს არის ის ძირითადი ფსიქოლოგიური თვისებები, რითიც წარმატებული მოთამაშეები განსხვავდებიან დამწყებებისგან. კარგი ამბავი არის ის, რომ ნებისმიერი უნარი ექვემდებარება შესწავლას და ვარჯიშს, ანუ განვითარებას. ბრაიან ტრეისის უამრავი ლექცია აქვს უნარების განვითარების თემისთვის მიძღვნილი, ეს ცალკე საკითხია.
მთავარია, რომ ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ სფეროში, დასაწყისშივე იმდენად შეგიყვარდეთ ის, რომ მთავარი მიზანი იყოს სრულყოფილების მიღწევა. არ აქვს მნიშვნელობა რას გადაიხდით ამისთვის, რამდენი დრო და შრომა დაგჭირდებათ, რა სირთულე და რა შედეგი გექნებათ, თქვენთვის მთავარი სრულყოფილებაა! თქვენი პროგრესი დამოკიდებულია აბსოლუტურად თქვენზე, მხოლოდ თქვენს ყოველდღიურ ქცევასა და გადაწყვეტილებებზე. თქვენ წყვიტავთ ისწავლოთ თუ არა, გსურთ თუ არა დღევანდელი დღე წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს თუ იგივე მდგომარეობა. თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაინახავთ დაბრკოლებებს - შიშით და ნეგატივით, ეცდებით მათ თავიდან აცილებას ან დანებდებით, თუ პირიქით - მიიღებთ და დაძლევთ მათ. თქვენი გადასაწყვეტია, დაინახავთ წარუმატებლობებს, როგორც გამოცდილებას, რომლისგანაც შეიძლება გაკვეთილის გამოტანა და სწავლა და განვითარება, თუ დაინახავთ მათ პრობლემებად, რომლის გამოც ღირს ხელის ჩაქნევა.
საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა. თქვენ შეგიძლიათ ყოველი სათამაშო სესია გამოიყენოთ არა ფულის მოსაგებად, არამედ გამოცდილების მისაღებად. რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედავთ, თქვენ გელოდებათ უამრავი წარმატება, ჩავარდნა, გაკვეთილი, კარგი და ცუდი მოგონება, ყველაფერი ის, რაც ნებისმიერი პოკერის მოთამაშის ცხოვრებას თან ახლავს. თუ თქვენ ეს გზა აირჩიეთ, უნდა მიიღოთ ყველაფერი პოზიტიურად და ეცადოთ, რომ ნებისმიერმა მოვლენამ თქვენი თამაში, თქვენი მდგომარეობა, თქვენი მომავალი, კიდევ უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახადოს.