ჯონათან დუჰამელი One Drop-ის გამარჯვებული ხდება
ჯონათან დუჰამელმა, პოკერის ისტორიაში, თავისი სახელი ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში შეიტანა, როდესაც 2010 წელს WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, კანადელმა მოთამაშემ რამდენიმე დიდი ფინალური მაგიდის გარდა, იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ ის ყოფილი შეყვარებულის მიერ მოწყობილი საბოტაჟის მსხვერპლიც გახდა.
მეორე ოქროს სამაჯურს 5 წლიანი ლოდინი დასჭირდა და აი ისიც! კანადელმა მსოფლიო ჩემპიონმა, დღეს, ლას ვეგასში გამართული ერთ-ერთი უდიდეს ტურნრიში One Drop, 135 მოთამაშეს შორის, გამარჯვებას მიაღწია. ფინალურ მაგიდაზე, მას ისეთ მოთამაშეებთან მოუწია დაპირისპირება, როგორებიც არიან WSOP-ის ლეგენდა ფილ ჰელმუტი, 2014 წლის The Big One for One Drop-ის გამარჯვებული დენ კოლმანი და ჰაი სტეიკს გრაინდერი ბენ სალსკი.
როცა ორშაბათს, ფინალურმა მაგიდამ სტარტი აიღო, დუჰამელის გამარჯვებას არავინ ფიქრობდა. 2.000.000 ჩიპით, ფინალური მაგიდის 9 უძლიერეს მოთამაშეს შორის, ის ბოლოდან მეორე ადგილზე იყო. მას, ჩიპების რაოდენობით, მხოლოდ ენდრიუ ლიჰტენბერგერი ჩამორჩებოდა. დუჰამელმა, თავისი საუკეთესო თამაში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ფინალური მაგიდის ჩიპ ლიდერის, ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ გაორმაგდა. ხოლო ანტონი ზინოს მეშვიდე ადგილზე დატოვების შემდეგ, დუჰამელმა 10 მილიონიან ზღვარს გადააბიჯა, რითიც დარჩენილ 6 მოთამაშეს შორის, ტურნირის მოგების შანსები სერიოზულად გაიუმჯობესა. არ გაუმართლა ფილ ჰელმუტსაც, რომელიც ანტონი ზინოს მიჰყვა და მეექვსე ადგილი დაიკავა.
დენ პერპერისა და ბენ სალსკის ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, სამ მოთამაშეში, დუჰამელი ისევ შორტ სტეკი აღმოჩნდა. მაგრამ ის აშკარად არ აპირებდა დანებებას. მართლაც, დენიელ კოლმანთან გაორმაგებისა და მისი მაგიდიდან გაშვების შემდეგ, დუჰამელმა თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა მაყურებელს.
ფინალურ ჰედს-აპზე, დუჰამელი, ცნობილ ბიზნესმენს, ბილ კლაინს დაუპირისპირდა. კლაინმა ძალიან მკაცრი, თავდაცვითი და სტაბილური თამაში აჩვენა, თუმცა დუჰამელმა საბოლოოდ მოახერხა და საუკეთესო სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა KK-ით ბიზნესმენის KJ-ს დაუპირისპირდა. კლაინმა ფლოპზე J-ს დაჭერა მოახერხა, მაგრამ ვეღარ გაუმჯობესდა და გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონს დაუტოვა. ბილ კლაინის მეორე ადგილზე გასვლა, ნამდვილად კარგი ამბავია. ბიზნესმენი ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. ის პოკერში მოგებული ფულის 100%-ს ქველმოქმედებას ახმარს. მას მეორე ადგილისთვის $2.465.522 დოლარი ერგო.
ჯონათან დუჰამელისთვის წლევანდელი წელი, ძალიან ბევრი ჩავარდნითა და წარმატებით გამოირჩეოდა. მან ჯერ PCA-ზე და რამდენიმე დიდ ტურნირზე მაღალი ადგილები დაიკავა, შემდეგ სრულიად მოულოდნელად, 'პოკერსტარსთან' ურთიერთობა გაწყვიტა. ახლა კი ერთ-ერთი უდიდესი ტურნირი მოიგო. გამარჯვებულის ტიტულთან და ოქროს სამაჯურთან ერთად, ჯონათან დუჰამელმა პირველი ადგილისთვის $3.989.985 დოლარი მიიღო, რამაც მისი კარიერული მოგება თითქმის $17 მილიონამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებების უმეტესი ნაწილი, სწორედ WSOP-ზე მოგებული ფულია. ამ გამარჯვებით, კანადელმა ჩემპიონმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა მსოფლიო ჩემპიონების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებისგანაც პირველი გამარჯვების შემდეგ თითქმის არაფერი ისმის, ის მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.