"მე ეშმაკმა მაიძულა თამაში" - მილიარდერი მოთამაშე კაზინოსთვის ვალის გადახდაზე უარს ამბობს

მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა მოთამაშემ ვერ შეძლო მისი განუკურნებელი აზარტული დამოკიდებულების დამტკიცება, სასამართლომ საქმე Ritz Casino-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა და მოთამაშეს £2 მილიონი ფუნტის, ანუ დაახლოებით $3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 

როგორც გამოცემა The Guardian იტყობინება, ისტორია 2014 წლის 19 თებერვალს დაიწყო, როცა შვეიცარიის მოქალაქე, მილიარდერი ბიზნესმენი საფა აბდულა ალ-გებური, აზარტული ჟინის მოსაკლავად, Ritz Hotel & Casino-ს ესტუმრა. ბიზნესმენმა კაზინოს სახელზე, რულეტის ჩიპების სანაცვლოდ, ჩეკი გამოწერა. ჩიპების წაგების შემდეგ, მან კაზინოს $7.8 მილიონი დოლარის (£5 მილიონი ფუნტი) კრედიტის გამოყოფის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. სანაცვლოდ, განაწყენებულმა ბიზნესმენმა უარი თქვა კაზინოსთვის გამოწერილი ჩეკის ანაზღაურებაზე. მისი თქმით, აზარტული დამოკიდებულების გამო, მან დიდი ხნით ადრე მიმართა კაზინოს თხოვნით, რომ მისთვის თამაშის საშუალება არ მიეცათ. 

ბიზნესმენის მტკიცებით, მასთან უცნობი ადამიანი მივიდა და Ritz Casino-ში თამაში შესთავაზა. ბიზნესმენის გაფრთხილებაზე, რომ ის პრობლემური მოთამაშე იყო, უცხო პირმა, მას, £5 მილიონი ფუნტის ოდენობით კრედიტის აღება შესთავაზა, რომლის წაგების შემთხვევაშიც, ბიზნესმენს ნებისმიერ დროს შეეძლებოდა თანხის დაბრუნება. "ეშმაკმა მაიძულა თამაში, - ამბობს ალ-გებური, - მე ვერ ვაკონტროლებ ჩემ მოქმედებებს და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო აზარტული თამაშებისგან. ეს ყველაფერი კი კაზინოს თანამშრომლებმა იცოდნენ." 

როგორც ალ-გებურის ადვოკატი, კევინ პეტიკანი ამტკიცებს, მისმა კლიენტმა London Club International-ის მფლობელობაში მყოფ ყველა კაზინოს მიმართა, მისთვის თამაშის აკრძალვის მოთხოვნით. სწორედ ამ არგუმენტით, ბრალდების მხარე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კაზინოსგან £5.4 მილიონი ფუნტის ანაზღაურებას მოითხოვდა. 

სასამართლომ ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არასერიოზულად და დაუზუსტებლად მიიჩნია და პროცესი კაზინოს სასარგებლოდ გადაწყდა. არაბული წარმოშობის შვეიცარიელ ბიზნესმენს, კაზინოსთვის, £2 მილიონი ფუნტის გადახდა დაეკისრა. 

რუმები

ქართული უცხოური