ბრაზილია ონლაინ პოკერის ლეგალიზებას გეგმავს
გასულ კვირას, ბრაზილიის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა, პარლამენტს მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მომავალი წლის ხარჯები $17 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. შესაბამისად, ბრაზილიის კონგრესი ონლაინ პოკერის ლეგალიზებას გეგმავს, რაც ქვეყნის ბიუჯეტს საგრძნობლად დაეხმარება.
PokerIndustry Pro-ს ჟურნალისტის, ჯოსლინ ვუდის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების წამყვანი ფიგურები მოიწვია, ონლაინ პოკერის ლეგალიზებისა და შემდგომი ეკონომიკური პოლიტიკის განსახილველად. ეს კი დიდი ცვლილებების დასაწყისს უნდა ნიშნავდეს, რადგანაც აგვისტოში, ბრაზილიამ არამხოლოდ აკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოკერის თამაში, არამედ თავად პრეზიდენტის ინიციატივით, ონლაინ პოკერის შესახებ წარდგენილ კანონპროექტს ვეტო დაედო.
ონლაინ პოკერის ლეგალიზების გარშემო, ბრაზილიაში, უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მომხრეების მთავარ არგუმენტად ის ფაქტი რჩება, რომ აკრძალვას არანაირი შედეგი არ მოაქვს. პოკერის აკრძალვის ერთადერთ შედეგად, მათი აზრით, სახელმწიფოს მიერ ასათვისებელი თანხების დაკარგვა შეიძლება ჩაითვალოს. ონლაინ პოკერის ლეგალიზების ერთ-ერთი მომხრის, სენატორ კირო ნოგუირას მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თუ ქვეყანა ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებზე გადასახადს დააწესებდა, ბიუჯეტში 15 მილიარდი ბრაზილიური რეალი შევიდოდა, რაც დაახლოებით $3.7 მილიარდი ა.შ.შ. დოლარია.
ბრაზილიის მოქალაქეები, აკრძალვის მიუხედავად, კვლავაც ახერხებენ ინტერნეტით აზარტული ჟინის დაკმაყოფილებას, თუმცა მხოლოდ იმ საიტებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის რეგისტრირებული. შედეგად - ქვეყნიდან, ყოველწლიურად, $4.4 მილიარდი დოლარი გაედინება.
უნდა აღინიშნოს, რომ აზარტული თამაშების ლეგალიზებას, ბრაზილიაში, საკმაოდ ფართო საზოგადოება ეწინააღმდეგება - ძირითადად რელიგიური ნიშნის მიხედვით. მათი აზრით, აზარტული თამაშებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ამორალური და საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება.