'პოკერსტარსი' ამერიკაში ბრუნდება
უკვე 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 'პოკერსტარსსა' და 'ფულტილტპოკერზე', ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას უკანასკნელი დარიგების თამაშის საშუალება მიეცა. Black Friday-ის დრამატული მოვლენების შემდეგ, მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო აზარტული თამაშების გამართვის უფლება. ოთხშაბათს, ნიუ ჯერსის შტატის აზარტული თამაშების ზედამხედველობის განყოფილებამ, 'პოკერსტარსის' მფლობელი კომპანიის Amaya Inc-ის სახელზე, ლიცენზია გასცა, რომლის მიხედვითაც 'პოკერსტარსს' უფლება ეძლევა შტატის ფარგლებში, მომხმარებელს აზარტული ონლაინ თამაშები შესთავაზოს.
შტატის კანონმდებლობით ერთადერთი პირობა, რომელიც ონლაინ თამაშების გასამართადაა საჭირო, რეალურ კაზინოსთან თანამშრომლობაა. Amaya, ამ შემთხვევაში, Atlantic City Resort & Casino-თან ითანამშრომლებს. Amaya Inc-ის ხელმძღვანელების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. "ჩვენ მოხარულები ვართ მიღებული შედეგით. ნიუ ჯერსის შტატი იმ გრძელი სიის დასაწყისი იქნება, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პოკერის რეგულირებას ჩაუყრის საფუძველს და მომხმარებლებს რეალურ ფულზე თამაშის საშუალებას მისცემს, - თქვა Amaya-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბააზოვმა, - მინდა მადლობა გადავუხადო ნიუ ჯერსის აზარტული თამაშების ზედამხედველობის სამსახურს, ჩვენი საქმიანობისა და მიზნების სწორად შეფასებაში. ჩვენ მომხმარებელს ახალ, დახვეწილ სისტემას შევთავაზებთ, რომელიც კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენი სერვისით სარგებლობას."
ნიუ ჯერსის გარდა, სხვა შტატები, სადაც ონლაინ გემბლინგი დასაშვებია - ნევადა და დელავერია. თუმცა ონლაინ თამაშების ლეგალიზება აქტიურად განიხილება კალიფორნიის, ნიუ იორკისა და პენსილვანიის ტერიტორიაზე. კალიფორნიის შტატის ფარგლებში, 'პოკერსტარსი' ფართომასშტაბიან აქციებს მიმართავს, აზარტული თამაშების ლეგალიზების ხელშესაწყობად. ნიუ ჯერსის შტატში, ონლაინ გემბლინგი, 2013 წლის თებერვლიდანაა დასაშვები. თუმცა 'პოკერსტარსის' მიერ ადგილობრივი კაზინოს შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალების გაჭიანურების გამო, მსოფლიოს წამყვანი პოკერ-რუმის საქმეც ბოლო პერიოდამდე აქტიურ ფაზაში არ შესულა. 2014 წლის მონაცემებით, ნიუ ჯერსის ბიუჯეტში, ონლაინ გემბლინგიდან შესული თანხა $97 მილიონ დოლარს შეადგენდა. შტატის ტერიტორიაზე 'პოკერსტარსის' შესვლით კი, ეკონომისტები, შემოსავლების მკვეთრ მატებას ვარაუდობენ.