ერიკ საიდელი WSOPE მეინ ივენთზე
2015 წლის WSOPE-ის მეინ ივენთი კულმინაციისკენ მიდის. შესვენების გამოცხადების შემდეგ, WSOP-ის ევროპული სერიების მთავარი მოვლენის საპრიზო ადგილებამდე სულ რაღაც 37 მონაწილე იყო დარჩენილი. ასეთ მასშტაბურ ტურნირზე, ფულში შესვლა, ნებისმიერი მოთამაშის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, მაგრამ არა ერიკ საიდელის შემთხვევაში.
პოკერის დიდების დარბაზის წევრის მიზანი, რომელიც $25.502.045 დოლარით მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა, არასდროს ყოფილა რომელიმე ტურნირის საპრიზო ადგილზე გასვლა და ბაი-ინის გაორმაგებული, ან გასამმაგებული თანხის უკან დაბრუნება. მით უმეტეს, თუ ის 1.000.000 ჩიპით დამაჯერებლად ფლობს ლიდერის სტატუსს. მიმდინარე მეინ ივენთზე კი, სიტუაცია სწორედ ასეთია.
ლეგენდარულმა მოთამაშემ, ჩიპლიდი, სწორედ მისი ერთ-ერთი უმთავრესი ოპონენტის, პოლონელი ამომავალი ვარსკვლავის - დიმიტრი ურბანოვიჩის წინააღმდეგ დარიგებულ რამდენიმე გათამაშებაში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ ურბანოვიჩს გამორჩეულად წარმატებული პერიოდი აქვს - მიმდინარე 2015 წლის განმავლობაში, მან $3.674.126 დოლარი გამოიმუშავა. მსგავსი აპსვინგისა და თავდაჯერებულობის პირობებში კი, პოლონელი პროფესიონალი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტურნირის ფავორიტად ჩაითვლება.
ერიკ საიდელისთვის, ურბანოვიჩის წინააღმდეგ თამაში, სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. წყვილმა, 2015 წელს, უკვე მოასწრო ერთმანეთის წინააღმდეგ ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირის - €100.000 ევროიანი EPT Grand Final-ის თამაში, სადაც გამარჯვება და პირველი ადგილისთვის დაწესებული €2.015.000 ევრო ამერიკელ ვეტერანს ერგო.
საიდელის უკანასკნელი WSOP-ის სამაჯური 2007 წლით თარიღდება. მიუხედავად ამისა, მეცხრე სამაჯურისთვის ბრძოლაში, მან WSOP-ის 10 ფინალური მაგიდა ითამაშა. პირველი ფული, რომელიც საიდელმა დიდ ტურნირზე მოიგო, 1988 წლის WSOP-ის მეინ ივენთის მეორე ადგილი იყო. მაშინ მსოფლიო ჩემპიონი ლეგენდარული ჯონი ჩენი გახდა. ასე რომ, თუ ის წლევანდელ WSOPE მეინ ივენთზე გამარჯვებას მოახერხებს, ეს მეცხრე ტიტულის მოპოვებაზე დიდი მოვლენა იქნება.
1988 წლისთვის, ტურნირები გაცილებით მცირე მასშტაბის იყო. დღეს პოკერი გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად - მოთამაშეთა მზარდი რაოდენობის გამო, ტურნირების მოგება სულ უფრო და უფრო ძნელდება. თუმცა ლეგენდარული მოთამაშე დღევანდელობშიც ახერხებს დიდი ივენთების მოგებას. "პოკერი შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ჩემი თამაშიც, - ამბობს ერიკ საიდელი, - დღევანდელმა თაობამ რევოლუცია მოახდინა ამ თამაშში. მაგრამ ეს ისევ პოკერია, მე ისევ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს და ამ მხრივ, ისევ იგივე საქმეს ვაკეთებ, რასაც წლების წინ."