რატომ თქვეს უარი GPL-ში მონაწილეობაზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებმა?
პარასკევს, Global Poker League-მა დრაფტში მონაწილე 203 მოთამაშის ვინაობა დაასახელა. პოკერის ლიგის მონაწილეები GPI-ის რეიტინგის 1.000-ეულში არიან შესულები. ცხადია, რომ საქმე მსოფლიოს საუკეთსო მოთამაშეებთან გვაქვს: მათი საერთო სატურნირო მოგება $550 მილიონ დოლარს, ხოლო საერთო ონლაინ ტურნირებიდან მიღებული მოგება $115 მილიონ დოლარს აღწევს. მონაწილეები 33 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი. სია საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მას ბევრი ისეთი სახელი აკლია, რომლის გარეშეც თანამედროვე პოკერი წარმოუდგენელი იქნებოდა.
GPI-ის ტოპ 25 მოთამაშიდან, 12 მათგანმა უარი თქვა Global Poker League-ში მონაწილეობაზე. ესენი არიან (GPI-ის შესაბამისი პოზიციით): სტივ ო'დუაიერი(მე-2), ნიკ პეტრანგელო(მე-4), მარტინ ფინგერი(მე-7), ჯო კუჩერი(მე-11), პოლ ვოლპი(მე-12), დევიდ პიტერსი(მე-14), სტივენ ჩედვიკი(მე-15), ჯეიკ შინდლერი(მე-17), ადრიან მატეოსი(მე-19), ერიკ საიდელი(მე-20), ბარი ჰატერი(22-ე) და კონორ დრინანი(23-ე).
საინტერესოა, რა მიზეზით არ მოისურვეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებმა Global Poker League-ში მონაწილეობა? "მე ვცდილობ შედარებით ნაკლები ვითამაშო, - ამბობს სტივ ო'დუაიერი - შარშანაც იგივეს ვგეგმავდი, მაგრამ ბოლოს GPI-ის რეიტინგებისთვის ბრძოლა დავიწყე, რაც აქტიურ თამაშს მოითხოვდა. წელს კი, საკმაოდ ბევრი ძვირადღირებული ტურნირია დაგეგმილი, რომლისთვისაც არ მინდა მოტივაცია და შემართება დავკარგო. ამიტომაც ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები ვითამაშო."
"პოკერის სათამაშოდ საკმაოდ ბევრი მოგზაურობა მიწევს, - ასე ხსნის სიტუაციას კონორ დრინანი, - GPL-ში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში ვთქვი, რადგან მივხვდი, რომ ამდენი დრო ნამდვილად არ მექნებოდა." მიუხედავად იმისა, რომ GPL-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, დრიანინც და ო'დუაიერიც, GPL-ს, აქტიურად გულშემატკივრობენ. "იდეა ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება, - ამბობს ო'დუაიერი, - მონაწილეობა ძალიან მინდოდა, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს და გადავწყვიტე, რომ კონცენტრირება სწორედ მათზე მოვახდინო."
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც GPL-ზე უარი განაცხადა, ესპანელი ვუნდერკინდი, ადრიან მატეოსია - "GPL-ში მონაწილეობა ძალიან მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპისთვის 2 წლიანი კონტრაქტი და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ მჭირდებოდა. მე ისიც კი არ ვიცი, რას გავაკეთებ ერთი წლის შემდეგ. პოკერი ისეთი თამაშია, რომელიც სრულ თავისუფლებას გაძლევს. ასეთ თავისუფლებაზე კი უარს ვერ ვიტყოდი."
ნიკ პეტრანგელომ, 2015 წლის GPI-ში, მე-4 პოზიცია დაიკავა. 2015 წლის განმავლობაში მისმა სატურნირო მოგებამ $4.5 მილიონი დოლარი შეადგინა. "პოკერს ისე არ აღვიქვამ, როგორც სპორტს, - ამბობს პეტრანგელო, - კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა დიდი თანხისთვის მიწევს თამაში და არა ფინალური მაგიდისა, ან სატელევიზიო სუპერვარსკვლავობისთვის. გაცილებით მირჩევნია, პოკერის ტურნირები ტელევიზიების ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიმდინარეობდეს, მაგრამ მესმის, რომ ეს ბიზნესის ნაწილია და თამაშის პოპულარიზაციისთვისაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ვიცი, რომ ამ პროექტზე უამრავი ადამიანი მუშაობს. მე გულით ვაფასებ მათ საქმიანობას და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი, რომ ჩემი ყოველი ხელი მილიონობით მაყურებელმა დაინახოს და ყველამ იცოდეს რას და როგორ ვაკეთებ. ამიტომაც, ამ გადაწყვეტილების მიღება, ჩემთვის, საკმაოდ ადვილი იყო."