გერმანიაში ონლაინ გემბლინგის ლიბერალიზაცია იგეგმება
თებერვალში, ევროპის სასამართლომ, გერმანიის ონლაინ თამაშების მკაცრი კანონების წინააღმდეგ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი, სავარაუდოდ, გერმანული კანონმდებლობისა და ონლაინ გემბლინგის რეგულაციის გადახედვასა და სრულიად ახლებური კანონმდებლობის ფორმირებას გამოიწვევს. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრი ცნობილი მოთამაშის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ნიუსს ასევე აქტიურად განიხილავდნენ გერმანიის ინტერნეტ ბიზნესის სიმპოზიუმზეც. gaminglaw.eu-ის ინფორმაციით, ღონისძიებას ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ყველა თანხმდება, რომ ონლაინ გემბლინგის შესახებ კანონპროექტი გადახედვას მოითხოვს და რომ ის თავიდანაა შესადგენი. ამასთანავე, ბიზნესმენებისა და ინვესტორების უმეტესობა ჰესის სპორტის მინისტრის, პიტერ ბოიტის შემოთავაზებას ემხრობა, რომლის მიხედვითაც თამაშებზე მნიშვნელოვანი გადასახადები უნდა დაწესდეს, ხოლო ლიცენზიების რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. როგორც ჩანს, აღნიშნული კანონპროექტი, გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე შტატის, შლესვიგ-ჰოლშტაინის მსგავსი იქნება, რომელიც ევროკავშირის თანხმობის საფუძველზე იქნა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოიტის შემოთავაზება ყველას მოსწონს, როგორც ჩანს, მის კანონპროექტად ჩამოყალიბებას და ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება. პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, დროის გაწელვა, ნორმალურ მოვლენად ითვლება. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, გერმანიას მოუწევს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ლიბერალიზაცია და მოქნილი კანონმდებლობის შეთავაზება. როგორც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, ჰანს-იორნ არპმა თქვა "2016 იქნება განხილვის წელიწადი, ხოლო 2017 - გადაწყვეტილებების მიღების."