ინტერვიუ 2008 წლის WSOP-ის გამარჯვებულთან, პიტერ ისთგეითთან
საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, პიტერ ისთგეითი, დიდ თამაშებზე აღარავის უნახავს. მისი უკანასკნელი ტურნირში მოგებული თანხა 2013 წლით თარიღდება. WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულებს შორის, სავარაუდოდ, ისთგეითმა ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო - ტურნირის ბაი-ინის ყიდვაში მას არავინ დახმარებია, შესაბამისად, მოგებული ფულის გაყოფაც არ გახდა საჭირო, როგორც ეს უმეტეს შემთხვევებში ხდება. რამდენიმეწლიანი გაუჩინარების შემდეგ, ონლაინ გამოცემა PokerListing-ის ჟურნალისტმა, 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონი თბილისში, WSOP Circuit-ზე აღმოაჩინა.
- რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, დაახლოებით 6 წლის განმავლობაში სერიოზულად არ მითამაშია. რას ვაკეთებდი ამ პერიოდის განმავლობაში? მოსაყოლი ბევრი არაფერია. ლონდონიდან ისევ დანიაში დავბრუნდი და ბიო-მედიცინის სწავლა გადავწყვიტე. სამწუხაროდ, ოთხიდან ოთხივე გამოცდა წარუმატებლად გავიარე. მართალია, ძალიან ვცდილობდი, მაგრამ სწავლას თავი ვერ მოვაბი. შეიძლება ჩემი ისტორია სხვებისთვის საკმაოდ მოსაბეზრებელი ჩანს, მაგრამ მოწყენილობას ნამდვილად არ ვუჩივი. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელებას არ ვაპირებ. ვცდილობ ჩემი გატაცება, ჩემი ნამდვილი ინტერესები აღმოვაჩინო და მას გავყვე. ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ რამე აუცილებლად უნდა გავაკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლების შემდეგ, ამ ყველაფერს ვინანებ.
- გამოდის, რომ პოკერს ისევ დაანებე თავი?
- დიახ. 2010-დან ოფიციალურად შევეშვი თამაშს. მართალია, რამდენიმე ივენთში მონაწილეობა მივიღე, მაგრამ 2010 წლის ზაფხულიდან, ფაქტიურად, აღარ ვთამაშობ.
- რამდენიმე წლის წინ ამბობდი, რომ სპორტულ ბეთინგში დიდი თანხები წააგე. ისევ სტუმრობ ტოტალიზატორებს?
- ფული მართლაც წავაგე, მაგრამ ტოტალიზატორებთან არანაირი შეხება აღარ მაქვს.
- თუ ფინანსური პრობლემები მაინც არ გაწუხებთ, გამოდის, რომ WSOP-ზე მოგებული თანხა მთლიანად არ წაგიგიათ?
- რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ წავაგებდი. ფინანსურად სრულიად თავისუფალი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მულტიმილიონერის ცხოვრება მაქვს, პირადი თვითმფრინავებითა და ფუფუნების მსგავსი ატრიბუტებით. ეს ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის. მაგალითად, მე მანქანაც კი არ მყავს. დანიაში, სადაც მე ვცხოვრობ, ველოსიპედით გაადგილება გაცილებით კომფორტულია. ფულს რაც შეეხება, ის შემდეგი 70-80 წლის განმავლობაში ნამდვილად მეყოფა.
- თუ პოკერისგან ასე შორს ხართ, რას აკეთებთ საქართველოში, WSOP-ის ივენთებზე?
- მე ტურნირის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ. ერთი მიზეზიც კი არ მქონდა, უცხო ქვეყანაში რამდენიმე დღის გატარებაზე უარი რომ მეთქვა. თუ პოკერთან რაიმე შეხება მაქვს, ეს მხოლოდ ტურნირებს უკავშირდება. ქეშ-გეიმებს იშვიათად ვთამაშობ, ისიც $1/$2 ლიმიტზე, გაცილებით დაბლა, ვიდრე წლების წინ. როცა WSOP-ის მეინ ივენთი მოვიგე, ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცეოდა. არ მესმოდა იმ ადამიანების, ვინც ამბობდნენ, რომ დიდი თანხის მოგებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თამაშს თავს დაანებებდნენ.
- მაგრამ თქვენც ზუსტად ასე მოიქეცით...
- ნამდვილად! 2010 წელს მივხვდი, რომ ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა. ძალიან დამღალა იმ ფაქტმა, რომ ჩემი განწყობა პოკერის მაგიდებზე და კონკრეტულ სესიებზე იყო დამოკიდებული. მე აზარტული, სულელი გემბლერი ვიყავი, რამაც ძალიან მომაბეზრა თავი. პოკერის ინდუსტრიაში უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ მომავალი ცხოვრება ნამდვილად არ მინდა პოკერის მაგიდებთან გავატარო. მართალია, თბილისში ვითამაშე, მაგრამ ამის შემდეგ კვლავ წყნარ და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. ჩემი ინტელექტი, ალბათ, საშუალო დონისაა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ტურნირის მოგებას ან ვიმსახურებდი, ან წინასწარი ვიცოდი... უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო გარემოში აღმოვჩნდი და ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულდა.