ჰოვარდ ლედერერი 5 წლიან დუმილს არღვევს და მოთამაშეებს ბოდიშს უხდის

რამდენიმე დღის წინ FullTiltPoker-ის საიტი და პოკერ-რუმი ოფიციალურად დაიხურა. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ჰოვარდ ლედერერის მიერ დუმილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი. 5 წლის წინ, ლედერერი, პოკერის საზოგადოებაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. FullTilt-ის გაკოტრებისა და დახურვის შემდეგ, კომპანიის ნახევარმილიარდიანი აქტივები, მათ შორის მოთამაშეების დეპოზიტები და პირადი ანგარიშები, სწორედ ლედერერისა და რეი ბიტარის ხელში აღმოჩნდა. მას შემდეგ, professor of poker, როგორც მას პოკერის წრეებში მოიხსენიებდნენ, ფართო პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით მის მიერ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ფაქტიურად ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ლედერერმა რამდენჯერმე ითამაშა 'ბელაჯიოში' მდებარე პრივატულ Bobby's Room-ში. 

უცნაურია, მაგრამ ჰოვარდ ლედერერის წერილი დენიელ ნეგრანუს პირადი ბლოგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კანადელი მოთამაშე წლების განმავლობაში არ იშურებდა მკაცრ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს FullTilt-ის გუნდის ყოფილი წევრის მისამართით და მას პოკერის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტის მთავარ მოქმედ გმირად განიხილავდა. "ამ განცხადების გაკეთება, ვფიქრობ, მისთვისვე არის უკეთესი, - ამბობს დენიელ ნეგრანუ, - რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი 5 წლის წინ გაეკეთებინა, მაგრამ ალბათ ლედერერმა ვერ გაიაზრა და ვერ იკისრა ის პასუხისმგებლობა, რაც მაშინ მას ხვდა წილად. წერილიდან ჩანს, რომ პასუხისმგებლობის სიმძიმეს, ის, ახლა გაცილებით რეალურად აღიქვამს. მიიღებს თუ არა ვინმე ლედერერის ბოდიშს, ეს ადამიანის პირად არჩევანზეა. პირადად მე მჯერა, რომ მისი ბოდიში გულწრფელია."

სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2016 წლის WSOP-ის დაწყებამდე. ყველას აინტერესებს მიიღებს თუ არა მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სატურნირო სერიებში ერთ დროს პოკერის ლეგენდად აღიარებული, ამჟამად კი პოკერის მთავარ ანტიგმირად წოდებული მოთამაშე? 

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ დენიელ ნეგრანუს ბლოგზე გამოქვეყნებულ ჰოვარდ ლედერერის წერილს:

"მინდა ბოდიში მოვუხადო პოკერის მოყვარულებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც 2011 წლის 15 აპრილს, FullTiltPoker-ზე ჯერ კიდევ ჰქონდა სათამაშო თანხა შენახული. როცა პოკერ-რუმი დაიუხრა, გაჩნდა ფინანსური რესურსების დეფიციტი, რამაც გამოიწვია მოთამაშეების მიერ საკუთარი თანხის განაღდებასთან დაკავშირებული პრობლემები. იმ მომენტისთვის, საიტზე, აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გაჩნდა, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე. მოთამაშეებმა თავი მოტყუებულად იგრძნეს. ისინი ენდობოდნენ საიტს, მენდობოდნენ მე. სამწუხაროდ, მათი ნდობა ვერ გავამართლე. 

სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმ მოვლენებზე, რაც Black Friday-ის შემდეგ FullTiltPoker-ზე განვითარდა. მოთამაშეთა დეპოზიტებთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შექმნილიყო. ეს ან მე უნდა გამეთვალისწინებინა, ან შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანებისთვის დამევალებინა. მე ვიყავი როგორც იმ კომპანიის დამაარსებელი, რომელმაც FullTilt-ის გაშვება უზრუნველყო, ასევე პოკერ-რუმის მენეჯმენტის სახე. უამრავი მსოფლიო დონის პროფესიონალი თამაშობდა ჩვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ მე მენდობოდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ ვიყავი 'ფულტილტის' ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული, სწორედ ჩემი უყურადღებობა გახდა შემდგომი მოვლენების მიზეზი. 2003-2008 წლებში პოკერ-რუმის საქმიანობაში ჩემმა ჩართულობამ საკმაოდ საპასუხისმგებლო სიტუაციაში ჩამაყენა, რაც საბოლოოდ ვერ გავამართლე. როცა 2008 წელს 'ფულტილტის' ყოველდღიურ საქმიანობას ჩამოვშორდი, მენეჯმენტის შესაბამისი კონტროლი ვეღარ მოვახერხე. მოთამაშეებმა ვეღარ შეძლეს საკუთარი ფულის დაბრუნება წელიწადნახევრის განმავლობაში. ძალიან ბევრი მათგანის ფინანსური აქტივები დღემდე გაყინულია. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში პოკერის მოთამაშე ვიყავი და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს საკუთარ ბანკროლზე წვდომა. გამოუყენებელი შესაძლებლობები, იმედგაცრუება და შიში, რაც მოთამაშეებმა განიცადეს, ყოვლად მიუღებელია. ალბათ ვერანაირი ბოდიში ვერ გამოისყიდის იმ ტკივილსა  და დანაკლსისს, რაც მოთამაშეებმს მიადგათ. 

Black Friday-ის შემდეგ, გამუდმებით იმის ახსნას ვცდილობდი, რომ ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე მე არ ვიყავი. ამ ყველაფერს ვუხსნიდი მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საკუთარ თავს. კრიზისის დაწყების შემდეგ, მთელი ჩემი ენერგია თავდაცვაზე გადავიტანე. ვცდილობდი იმ ბრალდებების გაქარწყლებას, რომლებიც ფაქტიურად ტყუილი იყო. საკუთარი თავი მსხვერპლად აღვიქვი და დავიჯერე, რომ კრიტიკა, რომელსაც სხვები იმსახურებდნენ, მე ვღებულობდი. სინამდვილეში კი, უყურადღებოდ დავტოვე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. 

2014 წელს მეგობარს ვესაუბრებოდი, რა თქმა უნდა კვლავ FullTilt-თან დაკავშირებულ პრობლემებზე. ვწუწუნებდი იმაზე, თუ როგორ უსამართლოდ მომექცა ცხოვრება. ჩემმა მეგობარმა არ მომცა აზრის დასრულების საშუალება. პერეფრაზირებას ვახდენ, მაგრამ მან დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: 'არ აქვს მნიშვნელობა იცოდი თუ არა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, ან რა გააკეთე შემდგომში მოთამაშეების დასახმარებლად. ადამიანებს, რომლებმაც ფული დაკარგეს, გაუჩნდათ განცდა, რომ შენ ისინი მოატყუე. შენ იყავი კომპანიის სახე, უამრავი წლის განმავლობაში. ასიათასობით ადამიანი თამაშობდა FullTilt-ზე იმის გამო, რომ შენ გენდობოდნენ. უამრავი პროფესიონალი მოთამაშე გახდა FullTilt-ის წარმომადგენელი - მათ ჯეროდათ, რომ შენ ყველაფერს აკონტროლებდი. შენ კი ეს ყველაფერი ამაყად მიიღე და ამ დროს ყველას იმედი გაუცრუე.'

იმ მომენტისთვის, ჩემი მეგობრის ასეთი კომენტარი სახეში გარტყმას ჰგავდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს სიტყვები ნამდვილად დამსახურებული იყო. ვიცი, რომ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის, მაგრამ იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა, მე სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეს არ უნდა მომხდარიყო. ბოდიშს გიხდით!" 

რუმები

ქართული უცხოური