"ბრექსითის" შედეგები ტოტალიზატორებზეც აისახა
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება არამხოლოდ ლოკალურ ეკონომიკაზე აისახა, მან გავლენა მსოფლიოს წამყვან ტოტალიზატორებზეც იქონია. რა თქმა უნდა, აზარტული თამაშების ბიზნესი, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ინგლისის მიერ ევროკავშირიდან გასვლამ კი, პირველ რიგში, სწორედ აზარტულ ბიზნესზე მიიტანა ძლიერი იერიში. სანამ ბრიტანელების ნაწილი ხელახალ რეფერენდუმს მოითხოვს, შოტლანდია კი კვლავ ევროპულ ოჯახში დარჩენას გეგმავს, ფაქტი ფაქტად რჩება - ინგლისის მოსახლეობის 52%-ზე მეტმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
"ბრექსითის" პოლიტიკური შეფასება მრავალი პერსპექტივიდანაა შესაძლებელი, გააჩნია პოზიციას, პოლიტიკურ მსოფლხედველობასა და უამრავ სხვა ფაქტორს, მაგრამ სანამ ევროპის კონტინენტზე დიდი პოლიტიკა წყდებოდა, სათამაშო ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ უცნაური და საინტერესო რამ მოხდა: "ბრექსითზე" გაკეთებულმა ფსონებმა არასპორტული ღონისძიების ყველა სარეკორდო მაჩვენებელი მოხსნეს. საერთო ჯამში, "ბრექსითის" შედეგებზე £120 მილიონ ფუნტამდე ფსონი გაკეთდა. ზოგიერთმა ონლაინ კაზინომ და ტოტალიზატორმა, ბრიტანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კოლოსალური თანხები დაკარგა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ბრიტანეთის ევროპულ ოჯახში დარჩენის იმედად მყოფი გემბლერების ხარჯზე დიდი ფული იშოვნეს. მაგალითად, Ladbrokes-მა და Betfred-მა საკმაოდ კარგი მოგება ნახეს, მაშინ როცა William Hill-მა £400.000 ფუნტამდე ზარალში დარჩა.
Ladbrokes-ის ადმინისტრაციის განცხადებით, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, საშუალოდ, £400 ფუნტამდე დებდნენ, ხოლო დატოვებაზე £70 ფუნტამდე. Betfred-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტოტალიზატორმა £1.000.000 ფუნტამდე ოდენობის ფსონი მიიღო და შედეგების შემდეგ, მცირე, მაგრამ მაინც მოგებაში დარჩა. William Hill-ს კი მძიმე წუთები დაუდგა: £3.000.000 ფუნტის ოდენობის ბეთების შემდეგ, კაზინო £400.000-ის ზარალშია. ამასთან ერთად, ბრიტანული აზარტული გიგანტის ფასი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 17%-ით შემცირდა. მოგვიანებით, ტოტალიზატორის ფასმა კვლავ აიწია, მაგრამ "ბრექსითის" რეზულტატების შემდეგ, მისი აქციების ფასი მაინც 11.7%-ითაა დაცემული, რაც კომპანიისთვის £300 მილიონი ფუნტის ზარალს წარმოადგენს. იგივე შედეგები დაუდგათ Ladbrokes-სა და Paddy Power Betfair-ს, რომლებიც ამჟამად 14.1%-ითა და 8.4%-ით შემცირებული ფასებით ვაჭრობენ.