PokerStars ისრაელსა და სლოვაკეთს ტოვებს
'პოკერსტარსი' 2001 წელს, ებრაული ოჯახის, შაინბერგის მიერ დაარსდა. მას შემდეგ, კომპანიამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის სტატუსი მოიპოვა და პოკერს სრულიად ახალი, მასშტაბური მნიშვნელობა შესძინა. 27 ივნისიდან კი, Amaya Inc-ის შვილობილი კომპანია, PartyPoker-ის, 888poker-ისა და Unibet Poker-ის მსგავსად, საკუთარ სერვისს ისრაელის მოქალაქეებს შეუზღუდავს.
ისრაელში მცხოვრებ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 'პოკერსტარსის' სატურნირო ბილეთები და StarsCoin-ები ფულზე გადაცვალონ. როგორც Amaya იტყობინება, გარკვეული ბიზნეს რისკების გამო, კომპანია აღარ აპირებს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გიგანტი ბაზრის მომსახურებას: "ჩვენი მენეჯმენტი გამუდმებით სწავლობს ბაზრის თითოეულ დეტალს, რათა სწორად შევაფასოთ კომპანიისა და მის მფლობელობაში არსებული ბრენდების რისკები და შესაძლებლობები, - წერია Amaya-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, - სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეალურ ფულზე თამაშის შესაძლებლობა აღარ ექნებათ ისრაელში მყოფ, ან ისრაელში არსებულ მისამართზე დარეგისტრირებულ მოთამაშეებს."
ისრაელში აზარტული თამაშები ჯერ კიდევ 1977 წლიდანაა აკრძალული. რამდენადაც მაშინ ონლაინ გემბლინგი არც კი მოიაზრებოდა, უამრავმა ონლაინ ოპერატორმა შესთავაზა ადგილობრივ მომხმარებელს საკუთარი სერვისი. უნდა ითქვას, რომ ისრაელის მთავრობა თითქმის არანაირ ნაბიჯებს არ დგამდა კანონის ძალაში მოსაყვანად და ონლაინ გემბლინგზე გასავრცელებლად. სიტუაცია ერთი წლის წინ დაიძაბა, როცა ადგილობრივი პროკურატურა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ოპერატორებისგან დიდძალი თანხების გადმორიცხვით დაინტერესდა. ყველაფერი ამერიკაში Black Friday-მდე არსებულ სიტუაციას ემსგავსება და პოკერის ონლაინ ოპერატორებიც ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ლოკალურ ბაზარს, შემდგომი გართულებებისა და ამერიკის სცენარის თავიდან აცილების მიზნით.
იგივე სცენარით განხორციელდა 'პოკერსტარსის' გამოსვლა სლოვაკეთის ბაზრიდან. ადგილობრივ მოთამაშეებს პოკერ-რუმის ანგარიშზე არსებული თანხების განაღდების შესაძლებლობა მიეცათ. როგორც Amaya Inc-ის წარმომადგენელი აცხადებს, კომპანია არცერთი სხვა ქვეყნიდან გამოსვლას არ გეგმავს. ასე რომ 'პოკერსტარსის' მომხმარებლებს თამაშის მშვიდად გაგრძელების საშუალება აქვთ. "ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ სლოვაკეთის ბაზარზე დაბრუნებას და ადგილობრივი მოთამაშეებისთვის საკუთარი მომსახურების შეთავაზებას. თუმცა, ეს ყველაფერი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ონლაინ გემბლინგი ლეგალიზებული გახდება და მას მკაცრად გაწერილი კანონი გააკონტროლებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფოსა და კომპანიის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, რამდენადაც 'პოკერსტარსი' ევროკავშირის 12 ქვეყანაში ახორციელებს საკუთარი მომსახურების შეთავაზებას. გვჯერა, რომ ონლაინ პოკერის ახალი რეგულაციების შემდეგ, 'პოკერსტარსი' სლოვაკეთის ბაზარზე დაბრუნებას შეძლებს" - ნათქვამია Amaya Inc-ის განცხადებაში.