საპრეზიდენტო არჩევნები და პოკერი - ნეგრანუ მატუსოუს წინააღმდეგ
პოკერის უმაღლესი დონის მოთამაშეებს შორის, დენიელ ნეგრანუსა და მაიკ მატუსოუს, სავარაუდოდ, ყველაზე სკანდალური იმიჯი აქვთ. ორივე მოთამაშე საკმაოდ ღიად და გახსნილად საუბრობს ნებისმიერ ტაბუდადებულ თემაზე. წარსულში დიდი ხნის მეგობრები, ამჟამად კი მოწინააღმდეგეები, ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ამჯერად პოკერის მაგიდის გარეთ - ისინი, ამერიკის შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა სხვადასხვა გუნდში აღმოჩდნენ.
დენიელ ნეგრანუ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს, ხოლო მაიკ მატუსოუ - რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს. ორივე მოთამაშე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და მოწინააღმდეგის გასაკრიტიკებლად, რა თქმა უნდა, 'ტვიტერს' იყენებენ, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბული და საკმაოდ უხეში კამათი აქვთ გამართული. დენიელ ნეგრანუ, ტრამპს, ხშირად ადარებს ვოლტ დისნეის ლეგენდარულ პერსონაჟს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის სეხნიას, იხვ დონალდს. რამდენიმე თვის წინ, კანადელმა მოთამაშემ, დონალდ ტრამპს $100.000 დოლარი შესთავაზა, საკუთარი პენისის საჩვენებლად. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც მარკო რუბიომ ტრამპის პატარა ხელებზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო პასუხად ტრამპმა საკუთარი 'სიმდიდრით' დაიტრაბახა. მაიკ მატუსოუს აზრით კი, ქვეყანას ძლიერი და ხისტი მმართველი სჭირდება, რომელიც კორუფციის მორევში არასდროს აღმოჩნდება.
მართალია, ჰილარი კლინტონის გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელიც მის ელექტრონულ ფოსტასა და პოლიტიკურ არაკორექტულობას უკავშირდება, მისთვის პოპულარობა არ მოუტანია, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან ასევე დიდი კრიტიკა ისმის დონალდ ტრამპის მისამართითაც, რომელმაც საკუთარი საარჩევნო კამპანია, ხშირ შემთხვევაში, აგრესიაზე ააგო. დენიელ ნეგრანუ, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ორი მათგანი რესპუბლიკელი, ორი კი დემოკრატია. სურათს ნეგრანუს საინტერესო კომენტარი ახლავს თან, რომლის მიხედვითაც კანადელი მოთამაშე ხალხს იმ კანდიდატის დაწუნებას ურჩევს, რომელსაც მხარს ოთხი პრეზიდენტიდან არცერთი არ უჭერს.
თავის მხრივ, მაიკ მატუსოუ, ჰილარი კლინტონს პოლიტიკურად გაუწონასწორებელსა და კორუმპირებულს უწოდებს. "ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ დეტალურად მოვყვები ჰილარი კლინტონის საგმირო სამქეების შესახებ, წარმომიდგენია ხალხისგან რა სიტყვებს დავიმსახურებ." ასეთი დაძაბულობის ფონზე, ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ რომელმა კანდიდატმაც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ის, ამერიკის ისტორიაში ყველაზე საყვარელი პრეზიდენტის სახელს ნამდვილად ვერ მოიპოვებს.