ოქტომბერში დეივ ულიოტის სახელობის ჩემპიონატი გაიმართება
2015 წლის აპრილში, ლეგენდარული გემბლერის, დეივ 'დევილფიშ' ულიოტის გარდაცვალებამ, მთელი პოკერის სამყარო შოკში ჩააგდო. მოთამაშე, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა პოკერის ფართო მასებში პოპულარიზაციისა და თამაშის მხარდაჭერისთვის, გასული წლის ზაფხულში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ფაქტს უამრავი საგაზეთო სტატია მიეძღვნა, სადაც პოკერის მოთამაშეები და ინდუსტრიის წარმომადგენლები თავიანთ მწუხარებას გამოთქვამდნენ პოკერის ელიტარული წრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრის დაკარგვის გამო.
ლეგენდარული მოთამაშის სახელის უკვდავსაყოფად, PartyPoker-მა DuskTillDawn-მა და WPT-ის საქველმოქმედო ფონდმა, დეივ ულიოტის სახელობის ყოველწლიური ტურნირის ჩატარება გადაწყვიტეს. დეივ ულიოტის სახელობის პირველი ტურნირი, სტარტს, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს აიღებს, ქალაქ ნოტინგემში, DuskTillDawn-ის კაზინოში, WPT-ის ბრიტანული პოკერის ფესტივალის ფარგლებში. ტურნირის ბაი-ინი €5.000 ევრო იქნება, ხოლო დამატებითი €300 ევრო საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, გარანტირებული €1 მილიონ ევროიანი საპრიზო ფონდის 3%-იც ქველმოქმედებას მოხმარდება.
"რობ იონგი, Dusk Till Dawn-ის მფლობელი, ჯერ კიდევ დეივ ულიოტის დაკრძალვის დროს ამბობდა, რომ ჩვენ მისი სახელობის ტურნირის ჩატარებას ვაპირებდით, - ამბობს Dusk Till Dawn-ის დირექტორი საიმონ ტრამპერი, - რობ და დეივი ახლო მეგობრები იყვნენ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რობმა მას ჰკითხა, თუ რა სახით სურდა პოკერში საკუთარი სახელის წარმოჩენა, რაზეც ულიოტმა უპასუხა, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი მისი სახელობის ძვირადღირებული ტურნირის გაკეთება იქნებოდა. თავისი WPT-ის ტიტულით, დეივი ძალიან ამაყობდა. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ პოკერის ფესტივალის ფარგლებში, დეივ ულიოტის სახელობის ჰაიროლერ ტურნირის ჩატარება, თანაც ბრიტანულ მიწაზე, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა."