დენიელ ნეგრანუს ისტორია
დენიელ ნეგრანუს მადგლიერების დღის აღნიშვნა სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია - წელს, პოკერის კანადელი სუპერვარსკვლავი, ამერიკულ დღესასწაულს, პირველად ხვდება შეერთებული შტატების მოქალაქის სტატუსით. მსოფლიო პოკერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშეს, რომელმაც გემბლერის კარიერისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია, მადლობის გადახდა ცხოვრების უამრავი საჩუქრისთვის შეუძლია.
როცა პოკერის ბუმი დაიწყო, ნეგრანუ ტალღის ქიმზე მოექცა. ის იმ მოთამაშეთა სათავეში აღმოჩნდა, რომლებიც ადრეული 2000-იანების პოკერის აღმავლობამ თავის თავბრუსდამხვევ და დიდებისმომტან მორევში ჩაითრია. მაგრამ ყოველთვის ასე ნამდვილად არ ყოფილა. რუმინელი ემიგრანტების შვილმა პოკერის პროფესიად გადაქცევა ბევრად ადრე გადაწყვიტა, ვიდრე კრის მანიმეიკერი WSOP-ის მეინ ივენთს მოიგებდა; ბევრად ადრე, ვიდრე WPT-ის სერიების ბუმი დაიწყებოდა და რაც მთავარია - ბევრად ადრე, ვიდრე ონლაინ პოკერის პროფესიონალები გამოჩნდებოდნენ და საკუთარ სპონსორებთან მილიონდოლარიან კონტრაქტებს გააფორმებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, როცა მსოფლიოს პოკერის ტალღამ გადაუარა, ნეგრანუმ გარიყულად და თანამედროვე მოვლენებისგან ჩამორჩენილად იგრძნო თავი.
"ზუსტად მახსოვს, როგორ ვგრძნობდი თავს, როცა World Poker Tour-ის პირველი სეზონი დასრულდა, - იხსენებს კანადელი მოთამაშე, - ვერც ფულში შესვლა და ვერც ფინალურ მაგიდებზე თამაში ვერ მოვახერხე. პოკერის ცნობილი სახეებისა და ვარსკვლავების შექმნა სწორედ მაშინ დაიწყო. ვიცოდი, რომ თამაშისთვის ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ თუ სატელევიზიო ეთერში ვერ ხვდებოდი, რისთვისაც ტურნირის მოგება იყო საჭირო, თუ ჟურნალისტები არ ინტერესდებოდნენ შენით და თუ ფართო პუბლიკა არ გხედავდა, არავის ადარდებდა შენი სურვილები და თავდადება. მე უკვე მოგებული მქონდა WSOP-ის ორი სამაჯური, მაგრამ მაინც იმის განცდა მაწუხებდა, რომ მოვლენებს ჩამოვრჩი."
თვითკრიტიკამ შედეგი გამოიღო და ნეგრანუმ წარმატებისკენ სვლა დაიწყო: "ჩემმა იმედგაცრუებამ და უკმაყოფილებამ გარკვეული პროგრესიც გამოიწვია - ვეცადე თამაში გაცილებით სერიოზულად აღმექვა. WPT-ის პირველ სეზონზე ისე ვიქცეოდი, როგორც დანარჩენი ცნობილი მოთამაშეები: დილამდე ვსვამდი, დასაძინებლად მივდიოდი და საღამოს ტურნირს ვთამაშობდი. შემდეგ კი გავიაზრე, რომ თუ პოკერის თამაში გადავწყვიტე, ყველაფერს სერიოზულად უნდა მოვკიდებოდი. ჩემთვის უამრავი წესი შევიმუშავე, რომლის დარღვევაც მეკრძალებოდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალკოჰოლთან დამოკიდებულება იყო. კატეგორიულად ავიკრძალე ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ნებისმიერი სახის ალკოჰოლის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ 2004 წელი ჩემი, როგორც პოკერის მოთამაშის კარიერისთვის, საუკეთესო წელი იყო."
დენიელ ნეგრანუს საკუთარი მაშინდელი კარიერისთვის მომავლიდან რომ შეეხედა, მიხვდებოდა, რომ მსოფლიო პოკერის მოწინავე ადგილებს იკავებდა: 2004 წელს, მან, $4.465.907 დოლარი მოიგო. გარდა ამისა, ნეგრანუ Card Player-ისა და WSOP-ის წლის მოთამაშე გახდა. WPT-ზე $10.000 დოლარიანი Borgata Poker Open-ისა და $15.000 დოლარიანი Five Diamond World Poker Classic-ის მოგების შემდეგ კი, მან WPT-ის წლის მოთამაშის სტატუსიც მიიღო. "პოპულარობა ძალიან მალე და უცნაურად მოვიდა. ყოველთვის მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ავტოგრაფი უნდოდათ, მაგრამ ეს ან ვეგასში ხდებოდა, ან კაზინოებში, ან დიდ ტურნირებზე. შემდეგ კი მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებსაც თამაშთან დიდი შეხება არ უნდა ჰქონოდათ, ქუჩაში მაჩერებდნენ და ჩემთან ერთად სურათებს იღებდნენ. მივხვდი, რომ პოკერით დაინტერესება კაზინოებსა და ტურნირებს გასცდა - ამ ყველაფერში კი ტელევიზიას უდიდესი წვლილი მიუძღვის."
ნეგრანუს აღმავლობის სტარტიდან 12 წლის შემდეგ, როცა მისმა კარიერულმა მოგებამ $32.619.168 დოლარს მიაღწია, როცა ის უამრავ რეალურ შოუსა და სატელევიზიო გადაცემაში იქნა მიწვეული, როცა მასზე უამრავი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, როცა ის ყველაზე დიდი პოკერ-რუმის სახე გახდა, სწორედ 2004 წელი იმსახურებს ყველაზე დიდ ყურადღებას: "2004 წელს CardPlayer-ის წლის მოთამაშე რომ გავმხდარიყავი, WPT-ის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა მჭირდებოდა. იმდენად ვიყავი ამაზე კონცენტრირებული, რომ არათუ ფინალურ მაგიდაზე მოვხვდი, არამედ WPT-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩიპლიდერი აღმოვჩნდი და ტურნირიც მოვიგე $1.8 მილიონ დოლართან ერთად. მაშინ ყველაზე საშიშ მოთამაშედ ვითვლებოდი. იმ დროისთვის მეგონა, რომ ყველა სირთულე გადავლახე და ფული არასდროს გახდებოდა პრობლემა."
2016 წელს Netflix-მა დენიელ ნეგრანუს შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით KidPoker. როგორც ფილმის მთავარი გმირი ყვება, პოკერის მოთამაშის პროფესია არავისთვის აღმოჩნდა მისაღები და მოსაწონი: "მე ტორონტოში გავიზარდე. გემბლინგის უამრავ სახეობაში ვიყავი ჩართული - ხან ტოტალიზატორებით ვერთობოდი, ხან ცხენების დოღით, ხან - კაზინოს თამაშებით. მაგრამ როცა მივხვდი, რომ პოკერი ჩემი თამაში იყო, არჩეული გზიდან არასდროს გადამიხვევია. როცა $20/$40 თამაშებზე აღმოვჩნდი, თავი დიდების ზენიტში მეგონა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ $4.000/$8.000 ლიმიტზე ვთამაშობდი და ჩემი ბანკროლი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა. ბევრს ჰგონია, რომ იღბლიანი ვარ, ან PokerStars-თან გაფორმებული კონტრაქტი მეხმარება ყველაფერში, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარი ბანკროლის შენება მომიხდა ისე, როგორც ნებისმიერ წარმატებულ მოთამაშეს."
2014 წელს დენიელ ნეგრანუ Poker Hall Of Fame-ის წევრად აირჩიეს: "როცა Poker Hall Of Fame-ის წევრობა დიდი მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა. კარგად ვიცოდი ჩემი კარიერის შესახებ..." 2014 წელი 'კიდპოკერის' სატურნირო კარიერაში ყველაზე დიდი მოგებითაც აღინიშნა - ნეგრანუმ $1.000.000 დოლარიანი Big One for One Drop-ის მეორე ადგილისთვის $8.288.001 დოლარი მიიღო. როგორც სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები და პოკერის მოყვარულები ამბობენ, თამაშის ისტორიაში 2000-იანი წლების დასაწყისი აღარასდროს დაბრუნდება. დენიელ ნეგრანუმ კი ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა: ის იყო პოკერის ბუმის სათავეში და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც პოკერის მოთამაშეს შეუძლია.