ფილ აივის $10.000.000 დოლარის გადახდა დაეკისრა
როგორც გასულ კვირას გაირკვა, ფილ აივის დამარცხება, პოკერის მაგიდებთან თუ არა, სასამართლოში ნამდვილად შესაძლებელია. ლეგენდარულმა მოთამაშემ, გახმაურებული სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ წააგო, ამჯერად სააპელაციო სასამართლოში.
აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნოელ ჰილმანის გადაწყვეტილების მიხედვით, ფილ აივი და მისი კომპანიონი, ჩენ ინ სუნი დამნაშავედ იქნენ ცნობლინი. სასამართლომ მათ ბაკარას თამაშის დროს მოგებული თანხის, $10.1 მილიონი დოლარის გარდა, იმ თანხის გადახდაც დაავალა, რაც აივის Borgata Hotel Casino-ში ბაკარას თამაშამდე ჰქონდა მოგებული. მოსამართლის აზრით, აივისა და მის კომპანიონს არც ბაკარას წესები დაურღვევიათ და არც უთაღლითიათ, მათ მხოლოდ კაზინოსთან დადებული კონტრაქტი დაარღვიეს.
როგორც ფილ აივის ადვოკატი, ედ ჯეიკობსი ამბობს, აივიმ კაზინოს დამარცხება მის ტერიტორიაზე, მის მიერ შემოთავაზებულ წესებსა და პირობებში შეძლო, - "სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით ირკვევა, რომ თუ მოთამაშე კაზინოს რომელიმე მაგიდასთან საკუთარ ინტელექტს გამოიყენებს, ის კანონდამრღვევი ხდება და მისი მოგება უსამართლოა. კაზინო თამაშის დასაწყისშივე დათანხმდა აივის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე პირობას, ასე რომ, ბაკარას რუმის მენეჯმენტს თავიდანვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა."
კაზინოს მოთხოვნით, აივისა და მის პარტნიორს $15.5 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ, მაგრამ მოსამართლემ მათი ასეთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს ის თანხაა, რომელიც, კაზინოს ანალიტიკური დეპარტამენტის ვარაუდით, აივისა და ჩენ ინ სუნს უნდა წაეგოთ ე.წ. edge sorting-ის გარეშე. მოსამართლემ მსგავსი ციფრი საეჭვოდ მიიჩნია და აივის მხოლოდ მოგებული თანხის გადახდა დაავალა. 'ბორგატას' გარდა, ლეგენდარულ მოთამაშეს ბრიტანულ კაზინოსთანაც აქვს იგივე პრობლემები, რომელთანაც სასამართლო დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.