ნიკ პეტრანგელო Aussie Millions-ის $100.000 ჰაი როლერს იგებს
2017 წლის Aussie Millions-ის ფარგლებში ჩატარებული Anton Jewellery $100.000 Challenge-ის გამარჯვებული ნიკ პეტრანგელო გახდა. ტურნირზე სულ 18 მოთამაშე დარეგისტრირდა, რომელთაგან მეორე დღეს 7 მათგანმა მიაღწია. საპრიზო თანხა კი ტურნირის მხოლოდ 3 მონაწილეს ერგო.
5 საათიანი თამაშის შემდეგ ნიკ პეტრანგელომ გამარჯვება მოიპოვა. მან ჰედს-აპში კანადელი მაიკ ვოტსონი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი ფედორ ჰოლცი გავიდა, რომელიც ფინალურ მაგიდას კვლავ დაუბრუნდება, მხოლოდ ამჯერად Aussie Millions-ის მეინ ივენთზე. მეოთხე ადგილზე, რომელიც 'ბაბლს' გულისხმობდა, სემ ტრიკეტი მოხვდა.
თამაში საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. ეს არამხოლოდ იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ ტურნირზე გამოცდილი ჰაიროლერები ისხდნენ, რომელთათვისაც მილიონობით დოლარის წაგება და მოგება ჩვეულებრივ სესიას წარმოადგენდა, არამედ იმ გარემოებითაც, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა ე.წ. shot clock გამოიყენეს, რაც თითოეული მოთამაშისთვის გადაწყვეტილების მისაღებად 30 წამს საზღვრავს. თუ მოთამაშე მნიშვნელოვანი და რთული პრობლემის წინაშე დადგა, მას ერთწუთიანი თაიმ-ბანკი აქვს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ორჯერ შეუძლია.
დევიდ სტიკს არცერთი დამატებითი თაიმ-ბანკის გამოყენება არ დასჭირვებია, რადგან მან ფინალური მაგიდის დაწყებისთანავე დატოვა ტურნირი. 30 დარიგების შემდეგ მას დევიდ პიტერსი მიჰყვა - 2016 წლის GPI-ის წლის მოთამაშე. შემდეგი აუტსაიდერი ფინალური მაგიდის ყოფილი ჩიპლიდერი, სტივენ სონტიმერი იყო, რომელმაც სტეკის უმეტესობა წარუმატებელ დარიგებებს შეალია, ბოლოს კი 77-ით მაიკ ვოტსონის TT-თან წააგო.
ე.წ. 'ბაბლზე' საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის - $352.800 ავსტრალიური დოლარის ბედი წყდებოდა, რაც ფინალურ მაგიდაზე შეკრებილი ჰაიროლერებისთვისაც კი ყურადსარები თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფრთხილ და გაწონასწორებულ თამაშს ელოდა, 'ბაბლი' სულ რაღაც 5 დარიგება გაგრძელდა: სემ ტრიკეტმა Q9-ით დარჩენილი 15 ბიგ ბლაინდი მაგიდაზე შეიტანა. შავი სამუშაოს შესრულება ამჯერადაც მაიკ ვოტსონმა აიღო თავზე და ბრიტანელს AJ-ით უპასუხა. ბორდზე არც Q და არც 9 დადებულა.
დარჩენილ სამ მოთამაშეში ყველაზე არასასიამოვნო ფედორ ჰოლცთან თამაში იყო. მან 2016 წელს პოკერის ისტორიაში საუკეთესო წელი აჩვენა. 'ბატონიდან' ნიკ პეტრანგელოს რეიზს ჰოლცის ოლინი მოჰყვა, რაზეც პეტრანგელომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მოთამაშეების უმეტესობას ამ ხელით არ ვუპასუხებდი, მაგრამ ვფიქრობ ვალდებული ვარ შენთან ქოლი გავაკეთო." ფედორ ჰოლცს 44, პეტრანგელოს კი - A8 აღმოაჩნდათ. ფლოპზე დადებული A-ის წყალობით პეტრანგელომ უპირატესობა მოიპოვა. ჰოლცმა კი, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში საოცრად უმართლებდა, ორი აუტით გაუმჯობესება ვერ შეძლო და ტურნირს მე-3 პოზიიდან გამოეთიშა.
ფინალური ჰედს-აპი ვოტსონის ჩიპლიდით დაიწყო. თუმცა, ოვერ-ბეთებით მიღწეული რამდენიმე მნიშვნელოვანი ბლეფის ხარჯზე, პეტრანგელომ მალე მოახერხა უპირატესობის მოპოვება. იმის გათვალისწინებით, რომ ბლაინდებთან შედარებით მოთამაშეთა სტეკი საკმაოდ დიდი იყო, მაყურებლები ხანგრძლივ ფინალურ ჰედს-აპს ელოდნენ. დუელის მსვლელობა კი სულ სხვა გზით წავიდა: მაიკ ვოტსონმა მაღალი A-ით დიდი ბლეფის გაკეთება გადაწყვიტა და რივერზე მთელი სტეკი მაგიდის ცენტრში შეიტანა. პეტრანგელოსთვის ტოპ ორი წყვილით ქოლის გაკეთება სირთულე არ ყოფილა. ბოსტონელმა მოთამაშემ Aussie Millions $100.000 Challenge-ის მოგებისთვის, $882.000 ავსტრალიურ დოლართან ერთად ($666.311 აშშ დოლარი), Anton Jewellery-ის ოქროს ბეჭედიც მიიღო.