რუსული პოკერი კვლავ საფრთხის წინაშეა
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს კიდევ ერთი საფრთხის მოგერიება მოუწევს. როგორც iGaming Business იუწყება, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო ონლაინ ოპერატორების მომსახურება და მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირება უნდა აეკრძალოს.
ეს შემთხვევა პირველი ნამდვილად არაა, როდესაც რუსი კანონმდებლების სამიზნეში გემბლერები ექცევიან - 2015 წელს რუსეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა უკვე მოაწყო. მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდაჭერისა, რამდენიმე სამთავრობო უწყების ჩარევის შემდეგ, კანონპროექტი ჩავარდა. როგორც ჩანს, რუსმა პოლიტიკოსებმა მაშინ კარგად გაიაზრეს ის საშიშროება, რაც მსგავსი ინიციატივის მიღების შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტს უკონტროლო შავი ბაზრის გაჩენით ემუქრებოდა.
რუსეთი, ონლაინ პოკერისა და ინტერნეტში არსებული აზარტული თამაშების მოხმარების თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე რეგიონს წარმოადგენს. PokerStars-ის მომხმარებელთა დაახლოებით 8.4% სწორედ რუსეთის ფედერაციიდანაა. ქვეყანა პოკერის განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციას წარმოადგენს, 144 მილიონიანი მოსახლეობით. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი, რაც რუსულ პოკერს დიდ მომავალს უქადის, ქვეყანაში ჭადრაკის პოპულარობის მაღალი მაჩვენებელია. რუსი მოთამაშეებიდან ანდრეი ზაიჩენკოს, ვიაჩესლავ ჟუკოვისა და ვიტალი ლუნკინის მიღწევებია აღსანიშნავი, რომლებმაც WSOP-ის ოქროს სამაჯურების მოგება შეძლეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ალექსანდრ კოსტრიცინი იმსახურებს, რომელმაც ონლაინ პოკერში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ნათამაშები ქეშ-გეიმების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მას ონლაინ პოკერით $10.000.000 დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. 2008 წელს კოსტრიცინმა Aussie Millions მოიგო, $1.450.396 დოლარით პირველი ადგილისთვის. ფინალურ ჰედს-აპში მან ლეგენდარული ერიკ საიდელი დაამარცხა.
2015 წელს მიღებული რეგულაციებით, რუსეთმა აზარტული თამაშების ლეგელიზება მოახდინა, მაგრამ გარკვეული ადგილები გაუკონტროლებელი ბაზრისთვის მაინც დატოვა. მთავრობა, როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩავარდნის გამოსწორებას და ქვეყანაში არალეგალურად მოქმედ ონლაინ ოპერატორებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც ქვეყნის ბიუჯეტს დამატებითი თანხების აკუმულირების საშუალებას მისცემს.