ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვი პოლ ფუას ახალ ვიდეოში გამოჩნდა
პოკერის სამყაროში პოლ ფუას რეპუტაცია, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა - მას ჯერ ჩინურ მაფიასთან და ტრიადებთან კავშირში ადანაშაულებდნენ, შემდეგ უკანონო პრივატული თამაშების მოწყობაში დასდეს ბრალი, ბოლოს კი ტომ დუანის გატაცებაზეც დაიწყეს საუბარი, მაგრამ ეს უკანასკნელი დადასტურებულად იქნა უარყოფილი. როგორც ჩანს, ჩინელი ბიზნესმენი და პოკერის მოყვარული რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობს, რაშიც მას მსოფლიოს ცნობილი მოთამაშეები ეხმარებიან. ტომ დუანი, ფილ აივი, პატრიკ ანტონიუსი, დენ ქოლმანი - ეს იმ მოთამაშეების მცირე ჩამონათვალია, ვინც პოლ ფუასთან მეგობრობს. ამჯერად, მის ახალ ვიდეოში რუსი მოთამაშე, ტიმოფეი კუზნეცოვი გამოჩნდა.
ონლაინ გრაინდერმა რამდენიმე წუთი ისაუბრა და პოკერის მოყვარულებს იმ გზაზე მოუთხრო, რომლის გავლაც დასაწყისიდან ჰაი როლერ რეგულარობამდე მოუხდა. როგორც კუზნეცოვი ყვება, პოკერის შესახებ მან მეგობრისგან შეიტყო, რომელიც ცოტ-ცოტას თამაშობდა და მცირე თანხებს იგებდა. თამაში კუზნეცოვმაც სცადა, მაგრამ წარუმატებლად. მოგვიანებით, როცა მან წიგნების კითხვა დაიწყო და სტრატეგიებს მიაგნო, ყველაფერი შეიცვალა.
ის თვლის, რომ მოთამაშე პროგრესირებას მხოლოდ ბევრი თამაშით და ყოველი წვრილმანი დეტალის გაანალიზებით შეძლებს. ის ყურადღებას აქცევს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მოწინააღმდეგის აზროვნება, მისი მდგომარეობა, მისი აზრი დარიგების გმირზე და ა.შ. კუზნეცოვი ამბობს, რომ მისი მთავარი ორიენტირი მოთამაშეა და არა კარტი.
კუზნეცოვის საყვარელი სათამაშო ადგილი, არც ისე გასაკვირია, რომ მაკაუ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული, პრივატული თამაშები მსგავსი მოთამაშისთვის ზედგამოჭრილი იქნება. მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაკაუში ლიმიტებსა და მოთამაშეების დონეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. რაც შეეხება მის ზედმესახელს: Trueteller, რაც სიმართლის მთქმელს ნიშნავს, კუზნეცოვმა პოკერის მოთამაშისთვის ყველაზე შეუსაბამო და სასაცილო სახელად მიიჩნია. როგორც ინტერვიუში ყვება, პოკერის გარეშე, მისი ცხოვრება მაინც რისკებთან და რისკიან საქმესთან იქნებოდა დაკავშირებული.
სრული ინტერვიუს ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ