ფლოიდ მეივეზერი VS კონორ მაკგრეგორი - ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლა სპორტის ისტორიაში

სპორტის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. თბილისის დროით დილის 7 საათზე, ერთმანეთს ამერიკელი მოკრივე - ფლოიდ მეივეზერი და ირლანდიელი MMA მებრძოლი - კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდებიან.

შესაძლოა, პოკერის გულშემატკივრებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებით და კრივით არ ინტერესდებიან, ამ ორთაბრძოლის შესახებ არასდროს სმენიათ, მაგრამ აქამდე არსებულ ჩხუბებს შორის ყველაზე ძვირადღირებულის გამოტოვება, ჭეშმარიტი გემბლერისთვის ნამდვილი ცოდვა იქნებოდა. 

მიჩიგანელ ფლოიდ მეივეზერს 49 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც არცერთხელ გამოსულა დამარცხებული. ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი კი UFC-ის მსუბუქი და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია, 21-3 მაჩვენებლით, რაც ამ მომენტისთვის რეკორდად ითვლება. ის ერთადერთი ჩემპიონია, რომელმაც Ultimate Fighting Championship-ის (UFC) ორი ქამრის მოპოვება ერთდროულად შეძლო. 

დაპირისპირებას უკვე ეწოდა "ბრძოლა ფულისთვის". პირველ რიგში, მოჩხუბრები სოლიდურ ანაზრაურებას ღებულობენ: T-Mobile Arena-ზე გაყიდული ბილეთების რაოდენობისა და ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეივეზერს $210 მილიონი, ხოლო მაკგრეგორს $80 მილიონი დოლარი შეხვდებათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ამ ჩხუბს "ბრძოლა ფულისთვის" უწოდეს, ტოტალიზატორები და მაყურებლების მიერ გაკეთებული ფსონებია. 

თავდაპირველად, ჩხუბის დაანონსების მომენტისთვის, ფლოიდ მეივეზერი შეხვედრის აშკარა ფავორიტი იყო. ტოტალიზატორები კონორ მაკგრეგორს დიდ ანდერდოგად განიხილავდნენ და მის გამარჯვებას საკმაოდ დაბალ შანსებს აძლევდნენ. Oddshark-ის მიხედვით, ფლოიდ მეივეზერის სტატუსი -2250 ფავორიტით, ხოლო კონორ მაკგრეგორისა +950 ანდერდოგით განისაზღვრა. 

ასეთი მაჩვენებლების პირობებში, გულშემატკივრებმა ფსონების დადება მაკგრეგორის გამარჯვებაზე გადაწყვიტეს. მაკგრეგორზე გაკეთებული ფსონების რაოდენობა 15-ჯერ აღემატებოდა მეივეზერზე დადებულს. ასეთ პირობებში, ბუკმეიკერები მიხვდნენ, რომ ირლანდიელის გამარჯვების შემთხვევაში ტოტალიზატორები არნახულ ზარალს ნახავდნენ, რის გამოც კოეფიციენტები შედარებით დასტაბილურდა. ყოველ შემთხვევაში, გათანაბრებისკენ მიმართული ტენდენცია აშკარა გახდა. 

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, კონორ მაკგრეგორმა მოწინააღმდეგის დამარცხება 4 რაუნდში იწინასწარმეტყველა. ჩატარდა უამრავი გამოკითხვა, რომელსაც მაყურებლისა და გულშემატკივრის დამოკიდებულება უნდა გამოევლინა. აღმოჩნდა, რომ ირლანდიელის ასეთი განცხადების შემდეგ, მაყურებელთა 90% თვლიდა, რომ ის მართლაც შეძლებდა ამერიკელი მოკრივის 4 რაუნდში დამარცხებას. 

რაც შეეხებათ თავად მებრძოლებს: ფლოიდ მეივეზერს, პროფესიონალურ რინგზე, 49 გამოცდილი მოჩხუბარი დაუპირისპირდა. მრავალწლიანი ფიზიკური მომზადების, სხვადასხვა ტაქტიკისა და არნახული გამძლეობის ჩვენების მიუხედავად, ვერცერთმა მათგანმა მისი დამარცხება ვერ შეძლო. მიუხედავად შთამბეჭდავი რეკორდისა, მეივეზერი არასდროს შეხვედრია შერეული საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტს, რომელსაც წარმოუდგენლად ძლიერი მარცხენა დარტყმა და მოკრივესთვის უჩვეულო სისწრაფე აქვს. კონორ მაკგრეგორმა ჩხუბი სწორედ კრივით დაიწყო, მაგრამ შემდეგ საკუთარი თავი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) იპოვა. 

სპორტსმენების მხრიდან რამდენიმეწლიანი სპეკულაციისა და ორთვიანი აშკარა წინასაბრძოლო აჟიოტაჟის შემდეგ, როგორც იქნა, მეივეზერსა და მაკგრეგორს, ლას ვეგასში მდებარე T-Mobile Arena-ზე, ერთმანეთის პირისპირ წარდგომის და თავიანთი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცემათ. 

რუმები

ქართული უცხოური