დენ შაკი WSOPE-ის €25.000 ევროიან ჰაი როლერის გამარჯვებული გახდა
WSOPE-ზე რამდენიმე ჰაი როლერ ივენთი გაიმართა, მათ შორის €111.111 ევროიანი One Drop, რომლის პირველი ადგილისთვისაც, ფულად ჯილდოსთან ერთად, ოქროს სამაჯური იყო დაწესებული. დენ შაკის მიერ მოგებულ €25.000 ევროიან ივენთში კი, მოთამაშეები ყოველგვარი სამაჯურის გარეშე, მხოლოდ ფულადი დაინტერესებისთვის იბრძოდნენ.
ტურნირზე მხოლოდ 21 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლაინ-აფის გათვალისწინებით, დენ შაკს საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. €492.755 ევროიანი საპრიზო ფონდი პირველ 4 ადგილზე გასულმა მოთამაშემ გაინაწილა. ტურნირის ე.წ. 'ბაბლზე' ივან ლუკა მოხვდა.
"ტურნირის ფილდი დატვირთული არ ყოფილა, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა, - თქვა გამარჯვების შემდეგ დენ შაკმა, - სიმართლე რომ ითქვას, ერთადერთი არაპროფესიონალი მოთამაშე მხოლოდ მე ვიყავი."
მიუხედავად იმისა, რომ შაკი საკუთარ თავს მოყვარულ მოთამაშედ მოიხსენიებს, ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირებზე თამაშობს და მისი საერთო კარიერული მოგება $9.000.000 დოლარს შეადგენს.
ივენთის მე-4 ადგილი შტეფან სონტაიმერმა დაიკავა, რომელმაც მინიმალური ანაზღაურება, €67.555 ევრო მიიღო. დაუმარცხებელი ბრინ კენი, როგორც იქნა, დამარცხდა და მე-3 ადგილზე გავიდა, €85.238 ევროიანი ანაზღაურებით. ფინალური ჰედს-აპი შაკსა და მიკიტა ბადიაკოვსკის შორის გაიმართა, რომელიც ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. დენ შაკმა €210.112, ხოლო ბადიაკოვსკიმ €129.860 ევრო მიიღეს.