83 წლის მოთამაშეს $120.000 დოლარიან ჯეკპოტის გადახდაზე კაზინო უარს ეუბნება
ოთხი დღის წინ, ნევადის აზარტული თამაშების სამეთვალყურეო საბჭომ მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარი შემთხვევა განიხილა. საქმე ეხება Red Rock Casino-ში, 2017 წლის 7 ივლის გათამაშებულ დარიგებას, როდესაც 83 წლის მოთამაშემ, ავი შამირმა ბედ ბით ჯეკპოტის მოგება შეძლო.
მიმდინარე წლის ზაფხულის ერთ-ერთ სესიაზე, ავი შამირმა, სთრეით ფლეშის ფლობის მიუხედავად, დარიგება წააგო, რაც დიდი ჯეკპოტის მოგებას მოასწავებდა. კაზინოს წესების მიხედვით, თუ მოთამაშე დარიგებას სთრეით ფლეშით წააგებდა, მას $120.000 დოლარის ნახევარი, მოგებული ხელის მფლობელს - $30.000 დოლარი, ხოლო კაზინოს სხვა მოთამაშეებს - დარჩენილი $30.000 დოლარი შეხვდებოდათ.
ბედ ბით ჯეკპოტის წესდებაში, ასევე მოიძებნება განმარტება, რომ კაზინო უფლებამოსილია გააუქმოს ჯეკპოტი და არ გადაუხადოს მოთამაშეებს თანხა, თუ წაგებული, ან მოგებული ხელის ჩვენება მანამდე მოხდა, სანამ დარიგება დასრულდებოდა. როგორც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, მომგებიანი ხელის მფლობელმა, ლენ შრეტერმა თავისი ხელი სხვა მოთამაშეებს მანამდე აჩვენა, სანამ ამას დილერი მოითხოვდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ შრეტერმა პოკერის ეტიკეტი დაარღვია და საკუთარი ხელი დარიგების დასრულებამდე გაამჟღავნა, მის საქციელს თამაშის პროცესზე გავლენა არ ჰქონია, რის გამოც კაზინომ მოთამაშეებს კუთვნილი თანხა უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ, კაზინომ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოინდომა. საქმე საკმაოდ უცნაურია, რადგან მოთამაშეებისთვის ჯეკპოტის გადახდის შემთხვევაში, კაზინო არაფერს კარგავს: ჯეკპოტის თანხა მოთამაშეების მიერ, საკომისიო თანხის დამატებითი სახსრებიდან იყო აკუმულირებული და მისი გაცემა კაზინოს მოგებაზე ან შემოსავალზე გავლენას ვერ იქონიებს.