2018 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონი ჯონ სინი გახდა
WSOP-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჰედს-აპი - ასე დაამახსოვრდებათ პოკერის გულშემატკივრებს გუშინ, Rio-ში გამართული 2018 წლის მეინ ივენთის გადამწყვეტი დღე. ჯონ სინს 10 საათზე მეტი დასჭირდა, რათა ტონი მაილსი დაემარცხებინა და $8.8 მილიონ დოლართან ერთად, პოკერის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - მეინ ივენთისთვის სპეციალურად შექმნილი ოქროს სამაჯური მიეღო.
ჯონ სინი WSOP-ის გვიანი სტადიებისთვის უცხო სტუმარი არ ყოფილა - მისი ამბავი 2016 წელს დაიწყო, როდესაც მას სულ რაღაც ერთი ადგილი დააკლდა ფინალურ მაგიდამდე მისაღწევად. მაშინდელი ჩემპიონატი ქი უინმა მოიგო. ამჯერად, იღბალი სინის მხარეს აღმოჩნდა.
"წინა ტურნირისგან ბევრად განსხვავებული შეგრძნებაა, - ყვება ჯონ სინი, - წესით, არცერთი არ უნდა მომხდარიყო: 11-ე ადგილიდან გამოთიშვაც და პირველ ადგილზე გასვლაც, ორივე დაუჯერებელია. რა თქმა უნდა, ამ მომენტზე ვოცნებობდი, მაგრამ წარმოუდგენელი მეგონა."
სანამ სინი 7.874 მოთამაშიან ფილდს დაამარცხებდა, მისი კარიერული შემოსავალი $300.000 დოლარს შეადგენდა - არც თუ ისე ცუდი შემოსავალი პოკერის მოყვარული მოთამაშისთვის. მეინ ივენთის მოგებით კი ის სამუდამოდ შევიდა პოკერის ისტორიაში. "ყოველთვის ვფიქრობ, რომ ფული ბედნიერებისთვის არ მჭირდება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ გამარჯვებით უამრავი რამ გამიადვილდება. ამიერიდან, ჩემი ოჯახისა და ჩემი მშობლების დახმარებას შევძლებ. ისინი მსგავს ფულზე ვერც კი იოცნებებდნენ. ეს გარდამტეხი მომენტი იქნება ჩემს ცხორებაში."
უკანასკნელ დარიგებაში, პრეფლოპ 3 ბეთის შემდეგ, KK5 ფლოპი დარიგდა. სინს KJ ეჭირა და მეტოქის შეტევას პოზიციიდან ელოდა. მაილსმა Q8-ით სცადა მოწინააღმდეგის გზიდან ჩამოშორება, რასაც სინის ქოლი მოჰყვა. KK58 თერნზე, მაილსმა გადამწყვეტი შეტევა განახორციელა და მთლიანი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, სინმა თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი ქოლი გააკეთა და ტრიპსით ტურნირის მოგებული გახდა.
ჯერჯერობით უცნობია როგორ დახარჯავს მოგებულ ფულს ჯონ სინი. მეინ ივენთის ზოგიერთი გამარჯვებული, როგორებიც პიტერ ისთგეითი და პიუს ჰაინცი არიან, პოკერს სრულიად ჩამოშორდნენ. ჯო მაკკიენი და რაიან რაისი კი აქტიურად არიან ჩართული ტურნირებში და ზოგადად ინდუსტრიაში. თუ 33 წლის მოთამაშის უკანასკნელ აქტივობებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პოკერში კიდევ არაერთ წელს გაატარებს.