მაიკ მატუსოუს $1.000.000 დოლარიანი დაუნსვინგი
მაიკ მატუსოუს სათამაშო კარიერა 1990-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ნევადელმა პროფესიონალმა დილერმა მაგიდის მეორე მხარეს ყოფნა და გაცილებით დიდი 'ხელფასის' მიღება ამჯობინა.
მან 5-ჯერ ითამაშა WPT-ის ფინალურ მაგიდაზე, მაგრამ ვერცერთ მათგანზე პრესტიჟული ტიტულის მოგება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მისი კარიერა WSOP-ის 4 ოქროს სამაჯურს და $9.5 მილიონ დოლარს ითვლის. მიმდინარე წლის ზაფხულში, მატუსოუ 7-ჯერ მოხვდა WSOP-ის სხვადასხვა ივენთის საპრიზო ადგილზე - მათ შორის $1.500 დოლარიანი ომაჰას ტურნირის მე-4 ადგილია, რომლისთვისაც $75.000 დოლარი მიიღო. საერთო ჯამში, მატუსოუს წლევანდელი ზაფხული $130.000 პლუსით დასრულდა.
ის მრავალი წლის განმავლობაში Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი იყო, მაგრამ მის ონლაინ კარიერას წარმატებულს ვერ დავარქმევთ. 2007-2011 წლებში, Full Tilt-ის მაგიდებთან, 110.354 დარიგებაში მატუსოუმ $1.038.550 დოლარი წააგო. მის მეტოქეებს შორის ნახავდით როგორც $5/$10 მაგიდების რეგულარებს, ასევე - პოკერის იმდროინდელ სუპერვარსკვლავებს, როგორებიც გას ჰენსენი, ფილ აივი, აიზიკ ჰექსტონი და ტომ დუანი არიან.
მაიკ მატუსოუს საკმაოდ მძიმე და დრამატული პირადი ცხოვრება აქვს. ის მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას. ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტო მოპოვებისა და შემდგომ გასაღების ბრალდებით, ის 2004 წელს დააკავეს. საპროცესო გარიგების ხარჯზე, მან საკანში 6 თვე დაჰყო. მიუხედავად ამისა, მატუსოუ ნებისმიერ სათამაშო მაგიდასთან სასურველი სტუმარია. დიდი ხნის განმავლობაში ის CardPlayer-ის რადიოში წამყვანად მუშაობდა; მას ხშირად იწვევენ პოკერის ტურნირების კომენტატორად და ანალიტიკოსად.