$50K High Roller-ზე ნიკ შულმანმა ჯეიკ შინდლერი დაამარცხა
როცა დიდი ტურნირების ორგანიზატორებს კარგი კომენტატორი ესაჭიროებათ, სიის სათავეში ყოველთვის ნიკ შულმანს პოულობენ. დღესდღეისობით, შულმანი პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია, რომელიც მოყვარულებისთვის გასაგები ენით ხსნის თამაშის რთულ ასპექტებსა და წვრილმან დეტალებს.
რამდენიმე დღის წინ, შულმანმა პოკერის საზოგადოებას შეახსენა, რომ ის არამხოლოდ ენაწყლიანი ორატორი, არამედ თამაშის ნამდვილი სპეციალისტია. სამხრეთ ფლორიდაში, Seminole Hard Rock Poker Open-ის ფარგლებში გამართულ $50.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერ ივენთზე, მან ჯეიკ შინდლერი დაამარცხა და სათამაშო ბანკროლს $440.000 დოლარი შესძინა. ამ მომენტისთვის, მისი სატურნირო კარიერა $9 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის.
ივენთზე 19 მოთამაშე დარეგისტრირდა - მართალია, რიცხვი არც ისე შთამბეჭდავია, მაგრამ მსგავსი ბაი-ინის მქონე ტურნირებისთვის მოთამაშეების ასეთი რაოდენობა სრულიად ნორმალური მოვლენაა. ენტრანტების რაოდენობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან, როგორც წესი, ჰაი როლერ ივენთებზე ურთულესი ლაინ-აფი დგება: აიზიკ ჰექსტონი, ჯეისონ კუნი, დენ კოლმანი - ნიკ შულმანს სწორედ ასეთი კალიბრის მოთამაშეების დამარცხება მოუხდა.
თუ ფინალურ მაგიდას გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ მასზე ჰაი როლერ გრაინდერების სრული ელიტა იყო წარმოდგენილი:
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | ნიკ შულმანი | $440.000 |
2 | ჯეიკ შინდლერი | $260.000 |
3 | რაინერ კემპე | $180.000 |
4 | ივან ლუკა | $120.000 |
5 | ბრინ კენი | ანაზღაურების გარეშე |
6 | დევიდ პიტერსი | ანაზღაურების გარეშე |
7 | ჩენს კორნუთი | ანაზღაურების გარეშე |
8 | ტომ მარჩესი | ანაზღაურების გარეშე |
აღსანიშნავია, რომ შულმანთან განცდილი მარცხიდან ერთი კვირის შემდეგ, გუშინ გამართულ $25.000 დოლარიან ჰაი როლერ ივენთზე, ჯეიკ შინდლერმა პირველი ადგილი დაიკიავა და $800.758 დოლარი მიიღო. ფინალურ ჰედს-აპში მან 2018 წლის WSOP-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე - შონ დიბი დაამარცხა.