EPT Barcelona €100.000 Super High Roller-ის გამარჯვებული მიკიტა ბადიაკოვსკი გახდა
ბარსელონაში PokerStars-ისა და EPT-ის ერთობლივი პროექტი გაიმართა, რომელიც რამდენიმე სატურნირო ღონისძიებას აერთიანებდა. €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის გამარჯვებული ბელარუსი მიკიტა ბადიაკოვსკი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში აჰადპურ კანგა დაამარცხა და პირველი ადგილისთვის დაწესებული €1.650.300 ევრო მიიღო.
რამდენადაც ტურნირის ბოლო დღისთვის სულ რაღაც 9 მოთამაშე იყო დარჩენილი, ბადიაკოვსკის ფინალური მაგიდისა და ჰედს-აპის მოსაგებად მხოლოდ 4 საათი დასჭირდა. მართალია, ბელარუსმა მოთამაშემ მილიონნახევარ ევროზე მეტი მოიგო, მაგრამ ეს მის კარიერაში სიდიდით მე-3 ანაზღაურებაა. ის სამჯერ მიუახლოვდა EPT-ის ტიტულს - მონტე კარლოში, მალტასა და გასული წლის ბარსელონაში გამართულ ივენთებზე, მაგრამ წარმატებული მხოლოდ გუშინდელი მცდელობა გამოდგა.
უნდა ითქვას, რომ ბადიაკოვსკის უმნიშვნელოვანესი წელი აქვს: ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგში 119-ე ადგილიდან 28-ზე გადაინაცვლა. ერთადერთი მოთამაშე, ვინც წლევანდელი მაჩვენებლით ბელარუსს უსწრებს, ჯასტინ ბონომოა.
"ბოლო დროს საკმაოდ მიმართლებს. ტურნირზე ჰაი როლერ ივენთებისთვის დამახასიათებელი ლაინ-აფი და სტრუქტურა იყო. უბრალოდ, მე სხვებზე იღბლიანი აღმოვჩნდი. სამსაათნახევრის განმავლობაში მაგიდაზე 9 მოთამაშე ვისხედით და 'ბაბლის' გავარდნას ველოდებოდით. 'ბაბლის' შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა."
როგორც ბადიაკოვსკი ყვება, მისმა ჰედს-აპ მეტოქემ აგრესიული თამაში აჩვენა, რასაც ბელარუსი არ მოელოდა: "მისგან ასეთი დინამიკა მოულოდნელი იყო, მაგრამ მასთან თამაშით ნამდვილად ვისიამოვნე." ირანელმა აჰადპურ კანგამ მე-2 ადგილისთვის €1.191.900 ევრო მიიღო.