EPT Barcelona Main Event 2018 ონლაინ სატელიტის გამარჯვებულმა მოიგო
EPT იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც 15 წლის წინ, პოკერის ევროპულმა ტურმა სტარტი აიღო. მაშინდელი მეინ ივენთი, რომელიც Casino Barcelona-ში იმართებოდა, ალექსანდერ სტევიცმა მოიგო. ამჯერად, ევროპის კონტინენტის ყველაზე მასშტაბურ სატურნირო მოვლენაზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: EPT-ის მთავარ ღონისძიებას 1.931 მოთამაშე დაესწრო. ტურნირის გამარჯვებული პოლონელი პიოტრი ნურჟინსკი გახდა.
ნურჟინსკის გამარჯვება იმითაა განსაკუთრებული, რომ ის არც პროფესიონალი მოთამაშეა და, რაც მთავარია, არც €5.300 ევროიანი ბაი-ინი გადაუხდია. ნურჟინსკი, თავის საცოლესთან ერთად, სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა. სასტუმროს ნომერში, თავის შესაქცევად და ბედის საცდელად, €250 ევროიანი საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშა და ბარსელონაში, EPT-ის მეინ ივენთზე აღმოჩნდა. ამ დრომდე, პოლონელის ანგარიშზე $11.812 დოლარი ირიცხებოდა. EPT-ის მეინ ივენთის მოგების შემდეგ, მისი ბანკროლი €1.037.109 ევროთი გაიზარდა.
"ვერ ვიჯერებ. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, - ყვება მეინ ივენთის გამარჯვებული, - დღის განმავლობაში, 2 დიდი შეცდომა დავუშვი და მეგონა, რომ ჩემი სატურნირო სიცოცხლე დამთავრებული იყო. ძალიან გამიმართლა. მიჭირს სიხარულის გადმოსაცემად სიტყვების მოძებნა."
ფინალური ჰედს-აპი ნურჟინსკიმ ჩინელ ჰოქსიან ვონგთან ითამაშა, რომელმაც ორთაბრძოლა დიდი უპირატესობით დაიწყო. მალევე, T98 ფლოპზე, ვონგმა მოწინააღმდეგეს J9-ით შეუტია, რასაც ნურჟინსკის სწრაფი ქოლი მოჰყვა. თერნზე და რივერზე დადებულმა 'ცარიელმა' კარტებმა, ნურჟინსკის KK-ის უპირატესობა ბოლომდე შეუნარჩუნეს და სრულიად მოულოდნელად, პოლონელის ხელში დიდი სტეკი აღმოჩნდა. დაკარგული ჩიპების დაბრუნება ვონგმა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, მე-2 წყვილით, ის პოლონელის ტოპ წყვილთან დამარცხდა და თუმცა, მილიონ ევროს მაინც გადააჭარბა და ანაზღაურების სახით €1.023.701 ევრო მიიღო.