შონ დიბი WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის
გასულ სამშაბათს WSOP-ის ევროპულმა სერიამ როზვადოვში, King's Casino-ში €550 ევროიანი Collosus-ით აიღო სტარტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი მოთამაშეების უმეტესობა €550 ევროიანი ტურნირით დაინტერესებული არ აღმოჩნდა - ისინი შაბათ-კვირას დაელოდნენ, რათა საკუთარი დრო გაცილებით ძვირადღირებული ღონისძიებებისთვის დაეთმოთ.
ამერიკული წარმომავლობის მიუხედავად, შონ დიბის ევროპული ტურნე სწორედ €550-იანი Collosus-ით დაიწყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დიბი WSOP-ის წლის მოთამაშის ნომინაციაზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. "ლიდერბორდები ყოველთვის მადარდებდა, - თქვა CardPlayer-თან საუბრისას დიბმა, - ჩემი სათამაშო კარიერის განმავლობაში უამრავი სარეიტინგო ბრძოლა დავასრულე პირველი ადგილით და WSOP Player Of the Year ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება. მართალია, ამ ტიტულისთვის არანაირი ფულადი ჯილდო არ არის დაწესებული, მაგრამ მისი მოგება მაინც ძალიან მინდა."
შონ დიბს მართლაც თავბრუდამხვევი ზაფხული ჰქონდა: WSOP-ზე მულტი-თეიბლინგის ხარჯზე, რომელმაც უამრავი მოთამაშე და გულშემატკივარი გააკვირვა, დიბმა 2 ტურნირზე ერთდროულად მოახერხა ფულში შესვლა. საერთო ჯამში, ის 15-ჯერ გავიდა საპრიზო ადგილზე და $2.4 მილიონი დოლარის აკუმულირება შეძლო. WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური , ერთი მე-2 ადგილი, ერთი მე-3 ადგილი და 105 პოზიცია WSOP Main Event-ზე - მართლაც შთამბეჭდავი რეზულტატია.
WSOP Player Of the Year-ის პოზიციაზე მისი მთავარი კონკურენტები ბენ იუ და ჯო კადა არიან.