სემ თრიქეთმა $50.000.000 დოლარიან თამაშებზე ისაუბრა
ოფიციალური რეიტინგების მიხედვით, სემ თრიქეთი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. მისი სატურნირო შემოსავალი $20.000.000 დოლარს აჭარბებს. კულურუალი ინფორმაციით, თრიქეთის ბანკროლი გაცილებით დიდია და ის ქეშ-გეიმებზე მოგებულ იმ თანხებსაც აერთიანებს, რომლებიც ოფიციალურ აღრიცხვას არ ექვემდებარებიან.
სემ თრიქეთის ავტოსადგომზე, ძვირადღირებულ მანქანებს შორის, რამდენიმე ექსკლუზიურ მოდელსაც შენიშნავთ, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს სპეც-შეკვეთით დამზადებული Range Rover და Ferrari იკავებენ. მანჩესტერისა და ლონდონის სახლების გარდა, თრიქეთი დიდ ვილას ფლობს იბიცაზე. ის მაკაუში გამართულ ქეშ-გეიმებს ესწრება, რომლებზეც მილიონობით დოლარის ბედი წყდება ხოლმე. ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, ისეთი თამაშებიც არსებობს, რომლებზე დასწრების უფლებასაც სემ თრიქეთი საკუთარ თავს ვერ მისცემს.
მელბურნში მდებარე Crown's Casino სათამაშო ინდუსტრიის მექად შეიძლება ჩავთვალოთ. როგორც თრიქეთი Daily Mirror-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, კაზინოში მისთვის მიუწვდომელი თამაშები იმართება. "მელბურნში ჩემი მეგობარი ჩავიდა, რომელიც დიდი თამაშებითაა დაინტერესებული. ბლექჯექის თითო დარიგებას $500.000 დოლარზე თამაშობს, - ამბობს თრიქეთი, - ვზივარ, თვალს ვადევნებ ხოლმე მის მოქმედებას და მგონია, რომ ჯეიმს ბონდის ფილმის გმირს ვუყურებ."
მაკაუს თამაშებზე ლეგენდები დადის. როგორც ირკვევა, მაკაუს პოკერის მაგიდებთან გაცილებით დიდი თანხის დაკარგვის რისკი არსებობს, ვიდრე მელბურნის კაზინოებში: "$20 მილიონიანი დარიგება ვნახე. ჩემმა მეგობარმა ერთი მილიარდერის წინააღმდეგ ბლეფის გასაკეთებლად ყველაფერი გარისკა. საკმაოდ სულელური ნაბიჯი იყო, რადგან მილიარდერთან ბლეფის კეთება საუკეთესო ვარიანტი არაა. მაკაუს თამაშები, ზოგჯერ, $50.000.000 დოლარიან ნიშნულსაც სცდებიან. მსგავს მაგიდებთან ყოფნის უფლებას საკუთარ თავს ნამდვილად ვერ მივცემ."
როგორც თრიქეთი ყვება, მილიონობით დოლარის მოგება შესაძლოა მოსაბეზრებელიც გახდეს: "როცა ახალი მოთამაშე ხარ, სვინგებს დიდი აღელვება ახლავს თან. მაგრამ როცა მსგავსი მოვლენები წლების განმავლობაში ხდება, აღტაცება თანდათანობით გიქრება. პირველადი ჟინის შესანარჩუნებლად ლიმიტების გაზრდაა საჭირო, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი."