პატრიკ ლეონარდის კომპანია 888poker-ს მოპარულ ფულს ედავება
BitB პოკერის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საიტია, რომელიც PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრის, პატრიკ ლეონარდის პირმშოა. BitB-ის ძირითად საქმიანობას ონლაინ ტრეინინგი წარმოადგენს, მაგრამ პოკერის მოთამაშეთა მომზადების პარალელურად, ლეონარდის გუნდი სტეიკინგსაც ითავსებს.
რამდენიმე დღის წინ, BitB-ის 'ტვიტერის' ოფიციალურ გვერდზე პოსტი გაჩნდა, რომელშიც 888poker-ისა და დომინიკ ნიცშეს თეგებიც იყო გამოყენებული: "თქვენი საიტის დახმარებით, 2 თვის წინ, ჩვენ ფული მოგვპარეს. თქვენი პროფესიონალები ხმას არ გვცემენ, ხოლო კლიენტთა მომსახურების სამსახური გვეუბნება, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა და სტანდარტულ განხილვას ექვემდებარება. რეიკის სახით ჩვენმა გუნდმა თქვენთან $5 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა და, ვფიქრობთ, მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ."
გამოხმაურების ნაკლებობის გამო, BitB-ის 'ტვიტერის' ახალ პოსტში, დომინიკ ნიცშეს გარდა, 888poker-ის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის სახელი გაჩნდა, რომელთა შორისაც კრის მორმანი, მარტინ ჯეიკობსონი და სოფია ლოვგრენი იყვნენ: "888poker-ის ექაუნთზე, რომელიც ჩვენი გუნდის მენეჯერს ეკუთვნოდა, $3.500 დოლარი გაქრა."
სათამაშო ინდუსტრიაში მსგავსი საქმე საჯარო განხილვის საგანი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება. მოთამაშეები და კომპანიები ერთმანეთის რეპუტაციას ყოველთვის უფრთხილდებიან, რათა საჯაროობა მათი სავიზიტო ბარათი არ გახდეს. როგორც ჩანს, BitB-ის გუნდი იმდენად უკმაყოფილოა და მათი საქმე იმდენი ხნით გაიწელა, რომ დეტალების ინტერნეტით გახმაურრება სწორედ 888poker-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალის დროს გადაწყვიტეს. როგორც პატრიკ ლეონარდი ამბობს, მას არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ საქმესთან: "ვიღაცამ მომწერა და მკითხა, 888poker-თან დაპირისპირება იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ მე PartyPoker-ის სახე ვარ? პერსონალურად ჩემთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა და პირადი ინტერესი არ მამოძრავებს."