2018 წლის შეჯამება: პოკერის სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გასული 12 თვის მოვლენებს გადავხედოთ და მათი მნიშვნელობა შევაფასოთ. ამ რუბრიკაში, რომელიც ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდება, შემოგთავაზებთ პოკერის სამყაროსა და სათამაშო ინდუსტრიაში 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.
ხმაური ფილ ჰელმუტის გარშემო - თანამედროვე პოკერი ფილ ჰელმუტის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ამჯერად, მის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟი სამმა მოვლენამ გამოიწვია: ფასი, რომელიც ჰელმუტმა მის სპონსორებს მოსთხოვა; WSOP-ის მეინ ივენთზე დარიგებაში ჩარევა, რამაც ჯეიმს კემპბელის გაგდება გამოიწვია და, რა თქმა უნდა, WSOP-ის მე-15 სამაჯურის მოგება.
ფილ ჰელმუტის მისამართით წამოსული საყვედურები უცხო არ არის, მაგრამ ამჯერად საქმე ფულს ეხებოდა. როგორც წესი, პროფესიონალი მოთამაშეები დიდი ტურნირის ბაი-ინებს სრულად არ ფარავენ: ხშირ შემთხვევაში სპონსორები მოთამაშეების სატურნირო ხარჯების ნაწილს თავად იხდიან, სანაცვლოდ კი მოგებული თანხის შესაბამის წილს ღებულობენ. WSOP-ის საზაფხულო სერიების დაწყებამდე ფილ ჰელმუტმა 1.8-იანი ზღვარი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სპონსორს ბაი-ინის ყოველ დოლარზე $1.8 დოლარი უნდა გადაეხადა. ფაქტმა პროფესიონალი მოთამაშეების დიდი უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. მეტ ბერკი და სკოტ სივერი ამბობდნენ, რომ მიუხედავად ჰელმუტის სატურნირო წარმატებისა, მის მიერ დაწესებული ფასი რეალობასთან შეუსაბამო და დიდწილად გადაჭარბებული იყო.
მეორე მოვლენა, რომელმაც ჰელმუტის გარშემო ხმაური გამოიწვია, ჯეიმს კემპბელს უკავშირდებოდა. WSOP-ის მეინ ივენთზე, ერთ-ერთი დარიგების დროს, თამაშგარეთ დარჩენილმა ფილ ჰელმუტმა კომენტარი გააკეთა, რამაც ჯეიმს კემპბელის ბლეფი აშკარა გახადა და მისი გამოთიშვა გამოიწვია. Poker Brat-ის განმარტებით, კემპბელი ტურნირიდან მისი ჩარევის გარეშეც გამოვარდებოდა, მაგრამ ბოდიშის მოხდის მიზნით, ჰელმუტმა მეხანძრეს 2019 წლის WSOP Main Event-ის საგზური უყიდა. "ის ჩემი კომენტარის გარეშეც გამოეთიშებოდა ტურნირს, მისი ბლეფი აშკარა იყო, - ამბობდა ჰელმუტი, - მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ მე ყოველგვარ ზღვარს გადავცდი და სხვების დარიგებაში ჩავერიე. პირად ურთიერთობაში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მომავალ მეინ ივენთზე მე მას ბილეთიც ვუყიდე."
დაძაბული მოვლენების გარდა, ფილ ჰელმუტს საკმაოდ სასიამოვნო წელი ჰქონდა: მან $5.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთი მოიგო და $485.082 დოლარიან ანაზღაურებასთან ერთად, მე-15 ოქროს სამაჯურიც მიიღო. HandonMob-ის მონაცემებით, ფილ ჰელმუტის საერთო სატურნირო შემოსავალი $22.817.318 დოლარს შეადგენს.