ოპერაციის შემდეგ: პატრიკ ანტონიუსმა ვარჯიშსა და დიეტაზე ისაუბრა
2018 წლის სექტემბერში, ლეგენდარული მოთამაშე, პატრიკ ანტონიუსი მიუნხენს ეწვია. ვიზიტის მიზეზი არა ტურნირი, არამედ თიაქარის ოპერაცია იყო, რომელიც 3 წლის განმავლობაში მას ფიზიკური დატვირთვის საშუალებას არ აძლევდა. გასულ კვირას, ჰაი სტეიკს რეგულარს PokerNews-ის ჟურნალისტი ესაუბრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკითხა.
"საზარდულის არეში თიაქარის პრობლემა მქონდა, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილი ვარ." პოკერის მოთამაშის კარიერამდე, პატრიკ ანტონიუსი ჩოგბურთელი იყო. აქტიური ქეშ-გეიმებისა და ტურნირების პერიოდშიც კი, მას კორტებზე უარი არასდროს უთქვამს. თიაქარი ათლეტებისთვის, თითქმის, ჩვეულებრივი მოვლენაა. გამონაკლისი არც ფინელი გემბლერი აღმოჩნდა.
"ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, მე ყოველთვის ერთი მიზანი მქონდა, - ყვება ანტონიუსი, - მუდამ ვცდილობდი, საუკეთესო ფორმა შემენარჩუნებინა და ჩემი სხეულისთვის ფიზიკური დატვირთვის ახალ-ახალი ვარიანტები შემეთავაზებინა. ზოგჯერ, ორგანიზმისთვის ის ვარჯიშია საუკეთესო, რისი შესრულებაც მას ყველაზე მეტად უჭირს. მეც ამ ხაზს მივყვები."
38 წლის მოთამაშე შესანიშნავ ფორმაშია და ხშირად, თავის ძველ მეგობართან, ჩოგბურთის ლეგენდასთან - როჯერ ფედერერთან ერთად ვარჯიშობს. "როჯერი განსაკუთრებული ადამიანია. ის იმდენად თავისუფალი და მოშვებულია, რომ მოწოდების დროსაც კი შეუძლებელია მისი დაძაბული სახის დაჭერა."
ფიზიკური დატვირთვის გარდა, პატრიკ ანტონიუსი კვებასაც დიდ ყურადღებას უთმობს: "2011 წლიდან მოყოლებული, ჩემი რაციონიდან გლუტენი მთლიანად ამოვიღე. უამრავი საკვები არსებობს, რაც საჭირო ცხიმებს შეიცავს. მე მხოლოდ 'ფასტ ფუდი' და მსგავსი ტიპის კერძები შევზღუდე."
სანამ დენიელ ნეგრანუ ვეგანური დიეტის დიდი ხნის მხარდამჭერია, ანტონიუსი სხვა მიდგომას გვთავაზობს: "ვფიქრობ, საკუთარ ორგანიზმს უნდა მოუსმინო და დიეტა ამის მიხედვით აირჩიო. თუ ვეგანი ხარ და საკვებში კარგად ვერ ერკვევი, საჭირო ამინომჟავებისა და ვიტამინების მიღება გაგიჭირდება. კვების რაციონი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ მას დეტალური შესწავლა სჭირდება."