რენდი nanonoko ლიუ PokerStars-ის გუნდს ტოვებს
ბოლო წლებში, PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდი უამრავმა მოთამაშემ დატოვა: ჯეისონ მერსიერი, ვანესა სელბსტი, ჯეიმი სტეპლსი, ჯეფ გროსი... მათ რიგებს უკვე ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი, რენდი ლიუც შეუერთდა, რომელიც ონლაინ სამყაროში nanonoko-ს სახელით იყო ცნობილი.
რენდი ლიუ 'პოკერსტარსის' გუნდს 2009 წელს შეუერთდა. ათწლეულის დასაწყისში ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გრაინდერი იყო, რომელიც საშუალო ლიმიტებზე მარათონულ სესიებს მართავდა. სწორედ ასეთი თავდადების შემდეგ გადაწყვიტა 'სტარსის' ადმინისტრაციამ თავისი ყველაზე აქტიური მომხარებლისთვის სამსახური შეეთავაზებინა.
თითქმის ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, რენდი ლიუ PokerStars-ის გუნდს ჩამოშორდა და ამის მიზეზად ოჯახი და დროის უქონლობა დაასახელა. როგორც წერილში ყვება, პოკერი მისთვის დღემდე პროფესიაა, მაგრამ მარათონული გრაინდინგისთვის მას საჭიროება აღარ გააჩნია. გარდა ამისა, მისი ოჯახი ზედმეტად ტრადიციული და კონსერვატული აღმოჩნდა იმისთვის, რომ პოკერი მათი შვილის პროფესიად მიეღოთ. რამდენიმე წლის წინ ის სელინა ლინზე - ასევე პროფესიონალ მოთამაშეზე დაქორწინდა და ახლა მასთან ერთად აქამდე უცნობ და საინტერესო მოგზაურობას იწყებს: "მე მზად ვარ ახალი საქმე გამოვცადო და ის ვაკეთო, რაც მომესურვება. პოკერს ყოველთვის ვითამაშებ, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა ამის სურვილი მექნება. მე ყოველთვის nanonoko ვიქნები."